ახალი ამბები
,,ოკუპაცია და ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.'' - აშშ-ს ელჩი რობინ ლ. დუნიგანი გამყოფ ხაზთან
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში - თვაურებში, ოძისსა და გორაკაში პატრულირებისას, სადამკირვევლო მისიის წარმომადგენლებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს დელეგაცია, ელჩი რობინ ლ. დუნიგანის ხელმძღვანელობით, შეუერთდა.

დელეგაციას დამკვირვებლებმა გააცნეს ბოლოდროინდელი "ბორდერიზაციის" აქტივობები და გადაადგილების შეზღუდვის გავლენა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე.

,,რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები.'' - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

დელეგაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტიბორ კოზმასმა და დამკვირვებელთა ჯგუფმა უმასპინძლა.

ელჩმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები