ახალი ამბები
გორის ბიუჯეტიდან ათი ათასი ლარით იზრდება რელიგიური ორგანიზაციების დენის ხარჯის დაფინანსება
გორის მერია 10 000 ლარით ზრდის რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას. ინიციატორია საკრებულოს წევრი, სტალინის მუზეუმის ხელმძღვანელი ლია ოქროპირიძე.

მან აღნიშნა, აუცილებელია, ელექტროენერგიის ხარჯის დაფინანსება მერიის ბიუჯეტიდან გაიზარდოს. მერიაში მას განუმარტეს, რომ 10 000 ლარი სწორედ, ელექტროენერგის ხარჯის დასაფარად გაიზარდა.

2024 წელს კვლავ იმოქმედებს პროგრამა, რომლის სახელწოდებაა ,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვის, კულტურული მემკვიდრეობის, საგანძურის, რელიგიური მნიშვნელობის კერების რეაბილიტაციის და მშენებლობის ღონისძიებების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის პროგრამა''.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა მოვლა-შენახვის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებისა და რელიგიური კერების აღდგენა - რეაბილიტაციასა და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი რელიგიური კერების მშენებლობის ხელშეწყობას.

,,ყველა მოცემულ საკითხში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის მერს და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნიათ დამტკიცდეს პროგრამა'' - აღნიშნულია პროექტში, რომლის განხილვა 22 დეკემბერს მოხდება.

2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სულ 200 000 ლარი.

ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება ისტორიული ძეგლების თაობაზე საინფორმაციო მასალის გამოშვება. ასევე, გორის მუნიციპალიტეტში არსებული საეკლესიო საგანძურის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების და რელიგიური კერების აღდგენა - რეაბილიტაცისათვის მოსამზადებელი პროექტების დაფინანსება. გორის მუნიციპალიტეტში არსებული საეკლესიო საგანძურის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების და რელიგიური კერების აღდგენა, რეაბილიტაცია, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი რელიგიური კერების მშენებლობისთვის რელიგიური დაწესებულებების ფინანსური დახმარება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები