ახალი ამბები
სპორტსმენი დეპუტატები გორის მერიის სპორტის ,,ააიპის'' დაფინანსების გაზრდას ითხოვენ
გორის საკრებულოს წევრები და, ამავე დროს, სპორტსმენები გორის მერიისგან სპორტის ,,ააიპი'' დაფინანსების გაზრდას ითხოვენ.

მაგალითად, საკრებულოს წევრი ბექა ლობჟანიძე ითხოვს, რომ გაიზარდოს სუბსიდია, რათა ააიპმა შეძლოს სპორტსმენთათვის კვების თანხის გაზრდა.

მერიიდან ბექა ლობჟანიძეს უპასუხეს, რომ სუბსიდიის ზრდა განიხილება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლის საფუძველზე.

საკრებულოს წევრი გიორგი გოგშელიძემ დააყენა საკითხი ქალთა ფეხბურთში გაიზარდოს თანხა. ასევე, ამპუტანტთა ფეხბურთის განვითარება - პროგრამის ფარგლებში გაიზარდოს თანხა.

რაც შეეხება, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს, აქ გიორგი გოგშელიძე აღნიშნავს, რომ სპორტსკოლის ბაზაზე არსებულ გოგონათა ხელბურთის გუნდს გამოეყოს დაფინანსება.

გორის 2024 წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არაა. მერიაში აცხადებენ, რომ გოგშელიძის ინიციატივები ,,ეტაპობრივად განიხილება წლის განმავლობაში.''

გორის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე მარლენ ნადირაძის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამაში "კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი" დაგეგმილია 9 მლნ 405.9 ათასი ლარი, რაც 2023 წლის ბიუჯეტის მიმდინარე პერიოდის ფაქტიურ მაჩვენებელთან შედარებით 333.4 ათასი ლარით ნაკლებია.

,,აღნიშნულ პროგრამაში რამოდენიმე ასეული ათასი ლარის დამატება აუცილებელია კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების და პროექტების განსახორციელებლად.'' - მიმართა მარლენ ნადირაძემ მერიას.

გორის მერიიდან უპასუხეს, რომ თანხის გაზრდა განიხილება წლის განმავლობაში სპორტულ ღონისძიებებში მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები