ახალი ამბები
თბილისიდან ზნაურში (ყორნისი) - ცნობილი კარდიოლოგი ბიძინა ვალიევის ცხოვრება
ზნაურის (ყორნისის) საავადმყოფოს კარდიოლოგი ბიძინა ვალიევი ცხოვრობს ისეთ მძიმე პირობებში, რომელიც მის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

ექიმი ცნობილია არა მხოლოდ რაიონსა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელ საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთშიც.

ცხინვალის ტელევიზიის, ,,ირის'' ცნობით, მამისეული სახლი, რომელიც ავარიულია და დღითი-დღე ზიანდება, საჭიროებს სრულ რემონტს. ექიმს კი სარდაფში უწევს ღამის გათენება, რაც მისი ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

როგორც თავად ვალიევი ამბობს: სთავაზობენ მისი ნათესავები ვლადიკავკაზში გადასვლას საცხოვრებლად, თუმცა ეძნელება მშობლიური სახლისა და სამსახურის დატოვება, ვინაიდან როგორც თვითონ აღნიშნავს — იყოს ექიმი, ეს მისი ბავშვობის ოცნებაა, რომელიც აისრულა და მისი მიტოვება ძალიან უჭირს.



ცოტა ხნის წინ მის სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ღუმელის მილს გაუჩნდა, რომელიც საბედნიეროდ მეხანძრეებმა მალევე ჩააქრეს. ამის გამო ბიძინა ვალიევს ღუმელის დადგმა აღარ შეუძლია, ზნაურში კი წელიწადის ამ დროს დიდი ყინვები იცის.

ბიძინა ვალიევი 1951 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ჯერ ზნაურის რაიონის საშუალო სკოლა, შემდეგ ვლადიკავკაზის სამედიცინო უნივერსიტეტი. მუშაობა გააგრძელა თბილისში.

მუშაობდა თბილისში რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში. მოგვიანებით, დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.



,,ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება სკოლაში მუშაობდნენ და საქართველოს სსრ-ს დამსახურებული მასწავლებლები იყვნენ.'' - აღნიშნავს საგაზეთო ინტერვიუში ცნობილი კარდიოლოგი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვალიევმა ზნაურის საავადმყოფოში მუშაობა 2011 წლიდან დაიწყო.



როცა ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა აკადემიური წოდებები თუ ჯილდოები, უპასუხა, რომ თბილისში ჰქონდა ექიმის უმაღლესი კატეგორია მინიჭებული. არაერთხელ გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და სხვადასხვა საერთაშორისო სიმპოზიუმებში მიიღო მონაწილეობა.

,,მშობლიურ ზნაურში ჩამოსვლა განპირობებულია იმით, რომ ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო. პლუს მამაჩემის სახლისადმი ლტოლვა... მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ იქ რომ დავრჩენილიყავი, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. აქ ვსუნთქავ ჩემი მშობლიური ადგილის სუფთა ჰაერს, ვცხოვრობ სახლში, სადაც ჩემი საუკეთესო ბავშვობის წლები გავატარე. ერთი სიტყვით, ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი სახლში და ვეხმარები ხალხს.'' - ამბობს ინტერვიუში ექიმი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები