ახალი ამბები
მოქალაქეები ზამთრის საბურავების დაყენებას ვერ ახერხებენ - ავტომომსახურების ცენტრები გადაიტვირთა
პირველი თოვლის მოსვლასთან ერთად, ვულკანიზაციის ცენტრებში საბურავების გამოსაცვლელად გრძელი რიგები გაჩნდა. სახელოსნოებში ერთროულად 8-10 მანქანა ელოდება მომსახურებას.

ამას ისიც ემატება, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, ზამთრის საბურავების სავალდებულო გამოყენებასთან დაკავშირებით, ახალი კანონი ამოქმედდება. ავტონაწილების მაღაზიებში ზამთრის საბურავების ფასმაც მოიმატა - 120 ლარიდან 150 ლარამდე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძლიერი ქარი, თოვა, ყინული მოსალოდნელია 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები შეეხება ზამთრის პერიოდს, კერძოდ, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, და ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ კონკრეტულ ზონებს, ძირითადად მაღალმთიან რეგიონებს.

კანონპროექტის მიხედვით, "იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა და განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე არ ექნება შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – შესაბამისი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით".

​​ზამთრის საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მახასიათებლებს და აღნიშნულ მახასიათებლებთან საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების შესაბამისობის დადგენის წესს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილია მძღოლს შეუზღუდოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ზონებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა.

კანონის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმასთან ერთად, სამართალდამრღვევს, შესაძლოა, საქმის განხილვამდე ჩამოერთვას ავტომობილი და განთავსდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემდეგ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები