ახალი ამბები
მთავრობის ,,თოვლის პაპა'' შიდა ქართლში - რა ჯდება დახვედრის ცერემონია
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, შიდა ქართლში, საახალწლო ღონისძიებების გამართვა დაიწყო. ღონისძიება ,,ახალი წლის დღეები საქართველოში'' ფარგლებში ტარდება.

თოვლის პაპასთან დახვედრის ცერემონია დღეს კასპში გაიმართა. გორში 28 დეკემბერს, ხოლო ხაშურს 30 დეკემბერს ეწვევა. მთავრობის დადგენილებაში ქალაქი ქარელი არ მოხვდა, თუმცა მერია ირწმუნება, რომ მსგავსი სახის ღონისძიება 26 დეკემბერს ჩატარდება.

მთავრობამ გორის მუნიციპალიტეტს 99 999 ლარი, კასპს - 99 996 ლარი, ხოლო ხაშურს - 150 000 ლარი გამოუყო.

გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დავალებით, დაგეგმილია საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების (კონცერტები; საშობაო ბაზრობების, გამოფენა-გაყიდვების, საბავშვო გასართობი სივრცეების, ფოტოგადასაღები ზონებისა და საახალწლო ინსტალაციების მოწყობა; მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების თოვლის პაპასთან შეხვედრის ცერემონია, ფოიერვერკი და სხვა) ჩატარება.

,,ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაული არის წლის მთავარი მოვლენა, ყველაზე მასშტაბური საზეიმო დღესასწაული, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება სხვადასხვა საზეიმო შოუ-პროგრამებითა და ღონისძიებებით და მასში ჩართულია ყველა ასაკის მოქალაქე.'' - აღნიშნავენ გორის მერიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები