ახალი ამბები
გორის სოფელ ხიდისთავში 3 დღეა წყალი არა აქვთ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სამი დღეა წყალი არა აქვთ.

ამის მიზეზად მოშვებულ ონკანებს ასახელებენ, რომლის გამოც, წყლის ავზი მალე იცლება და ავსებას ვერ ასწრებს:

,,რომ ვიკითხე მიზეზი წყლის ნაკლებობის, ასეთი პასუხი მივიღე, მოსახლეობის უმრავლესობას ონკანები საერთოდ არ აქვთო! წყალი შემცირებულია, ავზი ვერც ასწრებს გავსებას, ეგრევე იცლებაო'' - აღნიშნავენ ადგილობრივები.

სასმელი წყლის სისტემა სოფელში ახალი გაკეთებულია, თუმცა, ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით, ვითარება არ შეცვლილა:

,,ან გამგებელი ვინ არის, ან დეპუტატი ვინ არის, რომ ასე უყურადღებოდ არის სოფელი......შარშან საქართველოში რომ ვიყავი: ნაცნობობით დავრეკე გორის მერთან და ვუთხარი ჩვენი გასაჭირი, ზუსტან 1 საათში წყალი მოვიდა და სანამ მანდ ვიყავი, 13 დღე წყალი არ დაწყვეტილა....თურმე შესაძლებელია, რომ მოსახლეობას მიეწოდებოდეს წყალი უწყვეტ რეჟიმში.....ამოიღეთ ხმა ადამიანებო'' - მიმართავს ემიგრაციაში მყოფი ხიდისთაველი მოქალაქე თანასოფლელებს.

,,ღამე გასაგებია დაკეტონ, მაგრამ დღე როგორ შეიძლება წყლის დაკეტვა? დღეც მოშვებული ხომ არა აქვს ხალხს წყალი? მოუწესრიგებელია წყლის სისტემა და ეგაა, ვინაა პასუხისმგებელი ამ საკითხზე საერთოდ?'' - კითხულობს კიდევ ერთი მოქალაქე.

სოფელი ხიდისთავი გორთან ახლოს მდებარეობს. ამ სოფლიდანაა არაერთი მაღალჩინოსანი მერიაში და ძალოვან უწყებებში, ასევე ამ სოფლიდანაა ერთ-ერთი მილიონერი, რომელიც გორს აყვავებას პირდება ,,გორი ინნ''-ის სახით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები