ახალი ამბები
2023 წლის საქართველოს ჩემპიონი ნიკა დარბაიძე წლის საუკეთესო გორელ სპორტსმენებს შორის არ დაასახელეს
გორში 2023 წლის საუკეთესო გორელი სპორტსმენები გამოავლინეს. დაჯილდოების ღონისძიებაზე კალათბურთელი ნიკა დარბაიძე წლის საუკეთესო გორელ სპორტსმენებს შორის არ დაასახელეს.

ამის მიზეზად სპორტული სააგენტოს წარმომადგენლები იმ ,,პროგრამას'' ასახელებენ, რომლითაც ხელმძღვანელობენ.

,,ჯილდოვდებოდა გორელი სპორტსმენი, რომელიც ინდივიდუალურ, თუ გუნდურ სახეობაში საქართველოს ჩემპიონატებზე გორის სახელით გამოდის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი საქართველოს სახელით. ანუ ქვეყნის შიგნით გორის, ქვეყნის გარეთ კი საქართველოს სახელით.'' - აღნიშნა გორის მერიის სპორტის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

კალათბურთელი ნიკა დარბაიძე 2023 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი. ამასთანავე, გუნდის კაპიტანია. თანაც, მას ზედმესახელად ,,დინამოში'' შეარქვეს - ,,გორი''. დარბაიძე 2023 წლის საქართველოს თასის გამარჯვებულია. 2 ოქროს მედალი მოიპოვა უმაღლეს ლიგაში.

რაც შეეხება გორის საუკეთესო სპორტსმენებს, სპორტის სააგენტოს ცნობით, წელს ნაჩვენები შედეგების მიხედვით წლის საუკეთესოები დასახელდა 8 ნომინაციაში:

- წლის საუკეთესო მწვრთნელი - არჩილ ბარამიძე;
- წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი - გიორგი ტერაშვილი;
- წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა - ეთერ ასკილაშვილი ;
- წლის საუკეთესო სპორტსმენი ვაჟი კადეტთა შორის - გიორგი მაისურაძე;
- წლის საუკეთესო სპორტსმენი გოგონაკადეტთა შორის - ანა გოდელაშვილი;
- წლის საუკეთესო სპორტული სკოლა/კლუბი - ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა;
- წლის საუკეთესო სპორტული ღონისძიება - ევროპის თასი ძიუდოში კადეტთა შორის;
- თავარ ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო სპორტსმენად" აღიარეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელმაც 2023 წელს მსოფლიოსა და ევროპის ვიცეჩემპიონისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა.

ფულადი ჯილდოები ერგოთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებს, ასევე, საქართველოს ჩემპიონებს და სათამაშო სახეობებში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებს. დაჯილდოვდნენ, აგრეთვე, ამ სპორტსმენთა პირადი მწვრთნელებიც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები