ახალი ამბები
ბავშვობის ჰობის გახსენება ხანდაზმულთა სახლისთვის - გორელი პედაგოგი გიორგი გაგლოევი
გორის მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი გაგლოევი და მისი მოსწავლეები ხანდაზმულთა სახლში ნახატებით მივიდნენ.

ნამუშევრები იმ ოთახებში დაიკიდა, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ.

როგორც გიორგი გაგლოევი იხსენებს, მხატვრობას კოვიდის დროს დაუბრუნდა.  ხატვა მისი ბავშვობის ჰობი იყო.

,,კოვიდის დროს, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი იძულებული იყო სახლში ჩაკეტილიყო და დისტანციურად ემუშავა, დროის უფრო ეფექტურად გატარების მიზნით გადავწყვიტე ძველი ჰობი გამეხსენებინა და ზეთის საღებავებით ხატვა დავიწყე. საკმაო რაოდენობის ტილოები დამიგროვდა და ერთხელაც გადავწყვიტე რომ მსურველებისათვის, ვისაც ჩემი ნახატები მოეწონებოდა - გამეჩუქებინა. ეს ყველაფერი გამოვაქვეყნე სოცქსელში და... მოვიდა და მოვიდა უწყვეტ ნაკადად სურვილები ჩუქებისა. ამ სურვილებს შორის იყო ერთი - რომლის ავტორი იყო ქალბატონი ჟუჟუნა წერეთელი გორში, სტალინის 3 ნომერში მდებარე ხანდაზმულთა სახლი ,,შენი თბილი კერა - ს'' დამფუძნებელი, რომელიც მოკრძალებით ითხოვდა, თუ შესაძლებელი იქნებოდა ერთი ნახატი მაინც მისი ბენეფიციარებისათვის მეჩუქებინა.'' - იხსენებს გიორგი გაგლოევი.

მას დიდი ფიქრი არ დასჭირებია - მაშინვე გადაწყვიტა ყველა სურათი ხანდაზმულთა სახლისათვის ეჩუქებინა.

,,როგორც კი ეს ჩემი სურვილი სკოლაში გამოვთქვი, ჩემმა მე-6 კლასის მოსწავლეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ სურათების მიტანის საქმეში გვერდზე დამდგომოდნენ; და აი; 25 დეკემბერს (სიმბოლურად დაემთხვა კათოლიკურ შობას) მე და ჩემმა მოსწავლეებმა ხანდაზმულთა სახლის კარები შევაღეთ.
დიდებული მეგზურობა და მასპინძლობა გაგვიწია დამფუძნებელმა ქალბატონმა ჟუჟუნა წერეთელმა. მან ბავშვებს გააცნო დაწესებულების დანიშნულება, მისი ბენეფიციარები. მოსწავლეებმაც ლექსებით გადაიხადეს მადლობა. ამის შემდებ ჩემი პატარები ქალბატონმა ჟუჟუნა წერეთელმა ტკბილეულობის სუფრასთან მიიპატიჟა და გულითადად გაუმასპინძლდა.'' - აღნიშნავს პედაგოგი.









Print

სტატიის გამოყენების პირობები