გორის პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც მეტადონის პროგრამაშია
ჩართული.
1983 წელს დაბადებულმა მოქალაქემ მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს
განუცხადა, რომ ნივთიერება, რომელიც მას აღმოუჩინეს, პირადი
მოხმარებისთვის სჭირდებოდა.
,,დიდი ხანია ფეხზე მკურნალობა მჭირდება. სახელმწიფომ უარი მითხრა
მედიკამენტებზე, ასეთი პროგრამა არ გვაქვს, რომ გავაყუჩოთო. უნდა
წახვიდეო'' - უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.
,,სად უნდა წახვიდეო?'' - ჰკითხა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა
დაკავებულს.
,,საზღვარგარეთო და მე ამის საშუალება არ მაქვს'' - უპასუხა
ბრალდებულმა.
პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულის მიმართ
აუცილებელია გამოყენებულ იქნეს აღკვეთის ღონისძიება, თუმცა, ამ
შემთხვევაში, ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე გირაო 7 ათასი ლარი
მოითხოვა.
ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, სპარტაკ ვარძელაშვილმა
განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცხოვრობს უკიდურეს
გაჭირვებაში:
,,სახლში ჰყავს დედ-მამა, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან.
მამა მწოლიარეა, დედასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შეუძლებელია,
7 ათასი ლარის გირაოს დაკისრება. ჩვენ ვითხოვთ, რომ მის მიმართ
გამოყენებულ იქნეს გირაო 2 ათასი ლარის ოდენობით. ის ნივთირება,
რომელიც მას აღმოუჩინეს, მიღებული აქვს მეტადონის პროგრამით, თუმცა,
ტკივილების გასაყუჩებლად იყენებს'' - განაცხადა ადვოკატმა.
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულს გირაო 2 ათასი ლარის
ოდენობით შეუფარდა.
სტატიის გამოყენების პირობები