ახალი ამბები
გორის მერიის 18 თანამშრომელს კერძო ორგანიზაციებში წილის ფლობის ფაქტი დაუდასტურდათ
გორის მერიის იმ საჯარო მოხელეებს, რომელთაც უკავიათ საჯარო მოხელისათვის შეუთავსებელი თანამდებობა, მიეცათ რეკომენდაცია დატოვონ საჯარო მოხელისათვის შეუთავსებელი თანამდებობა.

შიდა აუდიტის სამსახურის ცნობით, რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაირღვევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონი.

შიდა აუდიტმა დასკვნა 2024 წლის 4 იანვარს მოამზადა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, შპს-ებში წილის მქონე საჯარო მოსამსახურეებთან ზეპირი და სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა, რომ გორის მერიის 16 საჯარო მოსამსახურე არის სხვადასხა შპს-ში წილის მფლობელი.

ამავე დასკვნის მიხედვით, მათ მერიაში წარადგინეს წილის მინდობის ხელშეკრულებები.

რაც შეეხება დანარჩენ ორ საჯარო მოხელეს, დადგინდა, რომ მათ ამავდროულად უკავიათ თანამდებობა კერძო სამართლის იურიდიულ პირში. შიდა აუდიტს ორივე საჯარო მოხელემ განუმარტა, რომ ფაქტი არ ახსოვდათ და დასძინეს, რომ არ იღებენ არანაირ შემოსავალს და არ ასრულებენ აღნიშნულ ორგანიზაციაში არანაირ ფუნქციას.

შიდა აუდიტი გაცემულ რეკომენდაციას წლის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარო მოხელე ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' კანონით დაისჯება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები