ახალი ამბები
ხეზე დაბმული დათვი დააძინეს და იფნარიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს
ცხოველთა დამცველის, მარინა ბერსენაძის ინფორმაციით, ხეზე დაბმული დათვი დღეს დილით სპეციალისტებმა ახსნეს და თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.

,,დათუჩა ამჟამად თბილისის ზღვაზე, ზოოპარკშია გადაყვანილი. არ ჭამს, როგორც სპეციალისტებმა მაცნობეს, სტრესულ მდგომარეობაშია. ჭრილობაც აქვს კისერზე. დააკვირდებიან, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება'' - აცხადებს მარინა ბერსენაძე.

მან საქმის კურსში ჩააყენა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. მარინა ბერსენაძის თქმით, მინისტრის მოადგილე დაპირდა, რომ რეაგირება იქნება სათანადო.

ტანის ხეობაში იმყოფებოდა კიდევ ერთი ცხოველთა დამცველი, გორში მცხოვრები თამუნა გოგოლაძე, რომელიც ადასტურებს, რომ დათვი გადაყვანილია. თამუნა გოგოლაძე იყო პირველი, რომელმაც დაბმული დათვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი - რეინჯერი, რომელიც ამტკიცებს, რომ დათვი გადარჩენის მიზნით დააბა.

გარემოს დაცვის სამინისტრო ამ დრომდე დუმს ფაქტის შესახებ. შს სამინისტრო გამოძიებას ცხოველისადმი სასტიკის მოპყრობის ფაქტზე იძიებს.

სოფელი იფნარა დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს, დასახლება დაცარიელებულია და იქ მხოლოდ ფერმერები ცხოვრობენ.

დათვის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკიც ავრცელებს:

,,დათვი დახურულ, იზოლირებულ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული და ვცდილობთ, ზედმეტი განათებით, გადაღებითა და ხალხით არ შევაწუხოთ, რადგან ისედაც დაზაფრულია.

ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში, დათვი დააძინა და ამჟამად ცხოველი უკვე ჩვენთანაა, ახალი ზოოპარკის საკარანტინე სივრცეში. ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება, ამასთან ერთად, ძალიან დასტრესილი და შეშინებულია. ვეტექიმებმა ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი პრეპარატებიც მისცეს. ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა და სამომავლო მკურნალობის კურსიც განსაზღვრული აქვს. იმ საკითხს, თუ როგორ, საიდან და რა ვითარებაში მოხვდა ცხოველი იქ, სადაც ჩვენმა ვეტექიმმა პირველად ნახა და დააძინა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. დათვის მკურნალობას ზოოპარკში გავაგრძელებთ მის სრულ გამოჯანმრთელებამდე და რეაბილიტაციის შემდეგ ვიმოქმედებთ ცხოველის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები