ახალი ამბები
გორის ცენტრში მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ
დღეს გორის ცენტრში მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები და მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

შემთხვევა სასტუმრო ინტურისტის წინ მოხდა. დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

პატრულმა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს დააშორა. ინსპექციის ქალი თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

შს სამინისტროში გვითხრეს, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, მოქალაქეები და გორის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ერთმანეთს, პარკირების წესების დარღვევის გამო, დაუპირისპირდნენ.

გორის მუნიციპალურ ინსპექციაში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

დებულების მიხედვით, გორის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ევალება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევებზე კონტროლის განხორციელება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები