ახალი ამბები
პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გორში ხელმოწერები შეგროვდა
პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გორში ხელმოწერები შეგროვდა. ხელმოწერების შეგროვების პროცესი 19 თებერვალს დაიწყო.

გორში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც. მისი განცხადებით, მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება.

"მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება ჩვენი საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა. ადამიანების რიგია, ვისაც სურთ, რომ ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ისინი მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენ ვნახეთ სულ რამდენიმე დღის წინ ნავალნის მაგალითი და არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ რუსი დიქტატორისგან, ვლადიმერ პუტინისგან, თუ როგორ ავლებდა პარალელს მიხეილ სააკაშვილსა და ნავალნის შორის. ასევე არაერთხელ გვინახავს, თუ როგორ ემუქრებოდა მიხეილ სააკაშვილს ის სიცოცხლის მოსპობით.

აქედან გამომდინარე, მისი გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ის არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ! ის არის პირადად ვლადიმერ პუტინის პატიმარი, ტყვე!

მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ქალბატონო სალომე, შეხედეთ რამდენი ათასი ადამიანი არის ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით. ისინი გთხოვენ, ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და გაათავისუფლეთ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები