ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დაკავებული 3 ბრალდებული გაამართლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში დაკავებული სამი პირი სასამართლომ გაამართლა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის სააპელაციო საჩივარი აღარც კი განიხილა.

ადვოკატ მამუკა ნოზაძის განცხადებით, ბრალდებულებს სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ იყვნენ დაკავებულები, ამასთანავე რამდენიმე წელი პატიმრობაში გაატარეს და უფლება აქვთ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ.

როგორც ირკვევა, ბრალდებულები სოფელ ზარდიანთკარში 2021 წელს დააკავეს.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით, ბრალდებულებმა ზ. გ-მა, გ. გ-მა და ვ. თ-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი, 102295 ლარად ღირებული, ქართული აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმი.

,,ბრალდებულებმა "დუბაო რედის" ფირმის 7970 კოლოფი; "დუბაო ბლუს" ფირმის 13980 კოლოფი; "მანჩესტერ რედის" ფირმის 1000 კოლოფი და "პრეზიდენტის" ფირმის 2000 კოლოფი შეინახეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ, საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს. აღნიშნული უაქციზო თამბაქოს ნაწარმი პოლიციის თანამშრომლებმა იმავე დღეს აღმოაჩინეს ზარდიანთკარის ტერიტორიაზე, ხოლო 2021 წლის 3 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს ბრალდებულებისგან''. - აღნიშნულია პროკურორის განცხადებაში.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით, ბრალდებულები უდანაშაულოებად გამოცხადდნენ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებებისათვის. მათვე განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები