ახალი ამბები
გორის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, მათი მანქანები ორი თვეა არ გარეცხილა
გორის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ორი თვეა მათი მანქანები არ გარეცხილა. ითხოვენ, რომ მანქანები ყოველდღიურად გაირეცხოს.

წერილი, რომელიც დღეს შესყიდვების სამსახურმა გამოაქვეყნა, აღწერს იმ სიტუციას, რა მდგომარეობაშიც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებიან.

ინსპექციის ცნობით, იანვარსა და თებერვალში გამოცხადებული ტენდერები ჩავარდა. ამიტომ, მარტიც ისე იწურება, რეცხვის მომსახურებას ვერ შეისყიდიან.

,,მოუწესრიგებელი ტრანსპორტი უხერხულობას და დისკომფორტს შეუქმნის ინსპექციის წარმომადგენლებს. შეილახება მუნიციპალური ინსპექციის იმიჯი მოსახლეობის თვალში.'' - აღნიშნულია ინსპექციის წერილში.

როგორც ირკვევა, ქალაქში არსებულ სამრეცხაოებს არ სურთ ტენდერში მონაწილეობის მიღება, რადგან, როგორც ინსპექციის წერილშია აღნიშნული, კომპანიებს ურჩევნიათ გამარტივებული წესით ხელშეკრულების გაფორმება:

,,რეალობამ აჩვენა, რომ ქალაქ გორში ყველა მსხვილ ააიპს აქვს საკუთარი ბოქსი, სადაც რეცხავენ კუთვნილ მანქანებს. ადგილობრივ ბაზარზე არსებული მომწოდებლები ფაქტია არ არიან დაინტერესებულები ტენდერში მონაწილეობით. სხვა შემთხვევაში ტენდერი არ ჩავარდებოდა. სამი თვე არის გონივრული პერიოდი შემსყიდველისთვის, რათა დაელოდოს ბაზარზე არსებული სიტუაციის შეცვლას.'' - აღნიშნულია მუნიციპალური ინსპექციის წერილში.

როგორც ინსპექციაში განმარტავენ, რეცხვის მომსახურება საკმაოდ სპეციფიურია, დამოკიდებულია სეზონზე.

,,ზამთრის პერიოდში საკმაოდ რთულია რიგის დაკავება, ასევე ისეთი სამრეცხაოს მოძებნა, რომელიც თანახმა იქნება დღის ნებისმიერ მონაკვეთში გარეცხოს მანქანა (თუნდაც საღამო საათებში). ერთ თვიანი პერიოდი, რომ ავიღოთ, გამოდის რომ არაფერი შეიცვლება და ტენდერი კვლავ ჩავარდება, თუმცა ეს არის შემსყიდველის აზრი, მუნიციპალური ინსპექციის მოიქცევა ისე როგორც ამას ჩათვლის სახელმწიფო შესყიდვებიის სააგენტო.'' - აღნიშნულია წერილში.

გორის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შეგროვებულ დოკუმენტებში წერია, რომ მათი მანქანების რეცხვის მომსახურებაზე თანხმობას აცხადებს ინდმეწარმე ზურაბ შატაკიშვილი. აღნიშნულია კომპანიის მიერ წარდგენილ ინვოისში აღნიშნულია, რომ სედანს 12 ლარად, ხოლო ჯიპს - 15 ლარად გარეცხავს.

მუნიციპალური ინსპექცია აპირებს ჯამში 7830 ლარი გადაიხადოს სამი თვის მანძილზე. წელიადში კი 11 250 ლარს იხდიდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები