ახალი ამბები
6 წელი მიუსაჯეს ხაშურელ ჰაკერს, რომელმაც გომში ბანკომატის კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია და 64 450 ლარი მოიპარა
მამაკაცს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ბანკომატის 64 450 ლარს დაეუფლა, 6 წელი მიუსაჯეს.

ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიიღო და ძალაში დატოვა ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება. ბრალდებულის ადვოკატი დანაშაულის შემცირებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ სასჯელი მინიმალურია, რადგან ბრალდებულმა აღიარა დანაშაული.

პროკურორის ცნობით, ბრალდებულმა მ.ე-მ სოფელ გომში, იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე მდებარე ლიბერთი ბანკის ბანკომატში კომპიუტერული სისტემაში საკუთარი პორტატული კომპიუტერით და ტელეფონით შეაღწია:

,,2022 წლის 14 აპრილს, სოფელ გომში, მ. ე-მ, თავისთვის ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით, თანნაქონი პორტატული კომპიუტერით და მობილური ტელეფონით უნებართვოდ შეაღწია ხსენებულ სოფელში არსებულ სს ,,ბანკის"" ბანკომატის კომპიუტერულ სისტემაში, მ. ე. დაეუფლა 64 450 ლარს. შეეცადა დაუფლებოდა აღნიშნულ ბანკომატში განთავსებულ 74 305 ლარს. დანაშაულებრივი ქმედების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, რადგან შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ შს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომელთა მიერ მიმალვის მცდელობისას დაკავებული იქნა მ. ე.'' - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, 2022 წელს, გომის იუსტიციის სახლის გაქურდვა დეკემბერშიც სცადეს, თუმცა, როგორც მაშინ სოფლის წარმომადგენელმა გვითხრა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვერაფრის წაღება მოახერხეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები