ახალი ამბები
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაბა აგარის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამისათვის 7,4 მლნ ლარი გამოიყო.

თანხის 80% მსოფლიო ბანკმა გაიღო. დანარჩენ ნაწილს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაფარავს. რეაბილიტაცია ხორციელდება "ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი"(I2Q) პროექტის ფარგლებში.

პროექტის მიხედვით, სკოლაში სწავლობს 720 მოსწავლე - ორ ცვლაში, მათ შორის 11 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა.

სკოლა ემსახურება დაახლოებით 350-400 ადგილობრივ ოჯახს, რომელთა შვილებიც აღნიშნულ სკოლაში სწავლობენ.

სკოლის პერსონალი და მოსწავლეები დროებით გადავლენ სოფლების: საღოლაშენის და დირბის ალტერნატიულ შენობებში, რაც საპროექტო ტერიტორიიდან დაახლოებით 7-8 კმ-ში მდებარეობს. შენობის შერჩევა მოხდა ობიექტის მდგომარეობის წინასწარ შეფასებული ინდექსის მიხედვით.

,,ადგილმონაცვლეობის დროს, მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ქარელის მუნიციპალიტეტი, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით. აღნიშნული მიზნით გამოიყოფა დაახლოებით 30-35 მინიავტობუსი. მინი-ავტობუსები დაექვემდებარება ტექნიკურ ინსპექტირებას და ექსპლოატაციის სტანდარტული პირობების უზრუნველყოფას საქართველოს ეროვნული რეგულაციების შესაბამისად' - აღნიშნულია საპროექტო დოკუმენტაციაში.

ტენდერი 2024 წლის 21 თებერვალს გამოცხადდა. ტენდერში მონაწილე კომპანიების შერჩევა ხვალიდან, 25 მარტიდან დაიწყება. რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს სამუშაოების დაწყებიდან 15 თვეში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები