ახალი ამბები
,,კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს'' - საფრანგეთის ელჩი
საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ გორში ყოფნისას განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს, არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.

,,საქართველო არის სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა და იგი, რა საკვირველია იღებს იმ კანონს, რასაც საჭიროდ თვლის. საქართველოს კარი ღიაა ევროკავშირში, მაგრამ როგორც ქვეყნის მეგობარი, როგორც ჩვენ ვურჩევთ და ვამბობთ ჩემი აზრით ეს კანონი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროპულ და ევროკავშირის ღირებულებებს - ამას ვამბობ როგორც მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.'' - განაცხადა ელჩმა.

ტელეკომპანია პოსტივის ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ მსგავსი კანონი საფრანგეთშიცაა მიღებული:

,,მე შემიძლია გითხრათ, რომ კანონროექტი, რაც განიხილება საქართველოში, არ არის ის კანონი, რომელიც საფრანგეთში არის მიღებული. რა საკვირველია, საფრანგეთშიც ხდება ხოლმე განხილვები, თუმცა რაც ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას, არ შეიძლება იქნეს გამოყენებული არგუმენტად და ფაქტორად იმაში, რაც ხდება საქართველოში, ეს კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი'' - დასძინა ელჩმა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ დაარღვია პირობა და 3 აპრილს ხელახლა წარადგინა ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც გასულ წელს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროტესტი და მრავალათასიანი აქცია მოჰყვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები