გორის მერიას, ყოველთვიურად, 395 ლარის ანაზღაურება და კომპენსაციის
სახით, 4700 ლარის გადახდა დაეკისრა იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც
2022 წლის 1 მაისს გაათავისუფლეს.
საქმე საბავშვო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ეხება. ადამიანის უფლებათა
ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელის, ლექსო მერებაშვილის
დახმარებით, აწ უკვე ყოფილ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მერიას
სასამართლო დავა მოუგო. გადაწყვეტილება საბოლოოა.
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8 მაისს
გამოიტანა.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2022 წლის აპრილში, გორის მერიის
კულტურისა და განვითარების სააგენტოში ჩატარდა რეორგანიზაცია. გაუქმდა
საბავშვო ბიბლიოთეკა, ხოლო იქ მომუშავე თანამშრომლების ნაწილი
სამსახურის გარეშე დარჩა.
საბავშვო ბიბლიოთეკის ყოფილ ხელმძღვანელს ხელშეკრულება გაფორმებული
ჰქონდა უვადოდ. რეორგანიზაციის შემდეგ კი სამსახურის გარეშე
დარჩა.
სამსახურის გარეშე დარჩენილმა ბიბლიოთეკარმა შელახული უფლებების
აღსადგენად სასამართლოს მიმართა.
საარჩელო მოთხოვნაში აღნიშნული იყო, რომ იგი ითხოვდა სამსახურში
აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებას და კომპენსაციის დაკისრებას.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით,
დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა; კერძოდ, გასაჩივრებული ბრძანება
ბათილად იქნა ცნობილი; 2022 წლის 1 ივლისიდან სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს
დაეკისრა ყოველთვიურად 395 ლარის ოდენობით (დარიცხული სახით)
იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ
მოპასუხეს 4 740 ლარის (დარიცხული სახით) ოდენობით კომპენსაციის
გადახდა დაეკისრა.
გორის მერიის კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ
გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მხოლოდ, კომპენსაციის ნაწილში.
სასამართლოს აზრით, ვინაიდან ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი უკვე საპენსიო
ასაკში იყო და სხვა სამსახურს დიდი ალბათობით ვეღარ იშოვიდა, მისთვის
2-თვიანი კომპენსაციის ნაცვლად 1-წლიანი კომპენსაცია უნდა
ანაზღაურებულიყო.
როგორც აიპის იურისტი, გელა მამუკაშვილი გვეუბნება, ყოველთვიურად 395
ლარის ანაზღაურების ნაწილი აღარ გაასაჩივრეს, იმიტომ, რომ დიდი
ალბათობით მომდევნო პროცესებზე საქმე ბიბლიოთეკარის სასარგებლოდ
გადაწყდებოდა და ასანაზღაურებული თანხის რაოდენობა მოიმატებდა:
,,ჩვენ თითქმის ერთი წლის თანხა სრულად ავანაზღაურეთ. სამსახურში
აღდგენა ვეღარ მოხერხდებოდა, რადგან ეს სამსახური აღარ არსებობდა.
თუმცა, რომ მოსულიყო ჩვენთან და დაგვლაპარაკებოდა თავის დროზე,
შესაძლოა, გამოძებნილიყო მისთვის შესაფერი ადგილი. როგორც ვიცი, 8
თანამშრომელი იქნა გათავისუფლებული და აქედან 7 თანამშრომელი მოვიდა
და დაგველაპარაკა. ისინი დასაქმდნენ. ეს ქალბატონი არ მოვიდა და არჩია
სასამართლოს გზის დავის დაწყება'' - გვეუბნება აიიპის იურისტი.
რაც შეეხება კომპენსაციის ნაწილს, მერიამ ეს ნაწილი გაასაჩივრა, თუმცა
უშედეგოდ:
უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით:
,,პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა უკანონოდ
განთავისუფლებული მუშაკის საპენსიო ასაკი (რაც გარკვეულწილად ამცირებს
შრომის ბაზარზე მოსარჩელის დასაქმების ალბათობას), ასევე, მხარეთა
შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, ხელშეკრულების
შეწყვეტის უკანონობის ხარისხი და შესაბამისად მართებულად განსაზღვრა,
სამუშაოზე აღდგენის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, მოსარჩელისათვის
12 თვის ხელფასის - 4 740 ლარის (დარიცხული სახით) ანაზღაურება.''-
ვკითხულობთ გადაწვვეტილებაში.
ამგვარად, ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის სასარგებლოდ, მერიას
დაეკისრა 1 წლის ხელფასის ოდენობის თანხის ანაზღაურება და 1
წლის ოდენობის კომპენსაციის გადახდა.

სტატიის გამოყენების პირობები