გორის მერია მოქალაქეს სკვერის მშენებლობით ქონებას ართმევს -
მოსამართლემ ტენდერის შეჩერება ბრძანა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა იმ მიწაზე, რომელიც მოქალაქეს
გამგეობის დადგენილებით 1992 წელს გადასცეს.
სასამართლო აცხადებს: არსებობს საშიშროებბა, რომ ტენდერის
განხორციელების შედეგად, მოქალაქეს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს,
რადგან 1992 წლის დადგენილება აღუსრულებელი დარჩეს.
,,მიზანშეწონილია, თავიდან იქნეს აცილებული ეს საშიშროება და
შესაბამისად უნდა შეჩერდეს ტენდერის მოქმედება.’’ - წერს მოსამართლე
დავით პაპუაშვილი.
დღეს, 2025 წლის 20 ივნისს, ,,ქართლის ამბებმა’’ ადგილზე დააფიქსირა,
რომ სამუშაოები გრძელდება და მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ
ასრულებს.
ადგილზე შევხვდით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიის ,,ჩვენი ჯგუფის’’
წარმომადგენელს, რომელიც ე.წ ,,პრარაბად’’ გაგვეცნო, განაცხადა, რომ
მისთვის მსგავსი დავის შესახებ, მერიას არაფერი უცნობებია:
,,რატომ მიდის მშენებლობა, ეგ მერიას უნდა ჰკითხოთ. ჩვენ ჩვენს
სამუშაოს ვასრულებთ’’ - გვითხრა მშენებლობაზე დასაქმებული პირების
ზედამხედველმა.
რა ხდება
2023 წლის 12 დეკემბერს მოქალაქე ვ.ა-მ მიმართა საჯარო რეესტრს
მელიქიშვილის ქუჩაზე 322 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.
განცხადებას საფუძვლად 1992 წლის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება
დაედო. გამგეობის გადაწყვეტილების მიხედვით, მოქალაქეს მიწის ნაკვეთი
გადაეცა მელიქიშვილის ქუჩაზე.
საჯარო რეესტრმა მოქალაქეს უპასუხა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა და
მერიის კუთვნილ მიწის ნაკვეთს შორის, შეინიშნება ზედდება.
ამის შემდეგ 2023 წლის 17 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მიმართა გორის
მერიას წერილობით, მიზანშეწონილად მიაჩნდათ თუ არა, რომ 322 კვ.მ
მიწის ფართობი დაურეგისტრირდეს მოქალაქეს.
2024 წლის 9 იანვარს საჯარო რეესტრს გორის მერიამ უარით უპასუხა.
ამის შემდეგ, მოქალაქემ დაიწყო დავა. მის ინტერესებს იცავს ადვოკატი
რევაზ გოგიაშვილი.
რევაზ გოგიაშვილმა გვითხრა, რომ 2025 წლის 17 აპრილს სასამართლომ
მოქალაქის ინტერესები დააკმაყოფილა. მოგვიანებით კი, 8 მაისს, ყველა
ის დოკუმენტი გააუქმა, რომლითაც მერიას აღნიშნულ მიწი ნაკვეთზე
სამართლებრივი უფლება წარმოეშვა.
,,სასამართლომ არა მარტო შეაჩერა ტენდერი, არამედ გააუქმა მერიის
საკუთრის უფლებაც, თანაც დავის გადაუწყვეტელად. ეს იმას ნიშნავს, რომ
მერიას აღარ აქვს უფლება მიწაზე რაიმე სახის სამუშაოები ჩაატაროს,
რომელიც მას აღარ ეკუთვნის. ამავე დროს, ტენდერში გამარჯვებულ
კომპანიისთვის თანხის გადახდის უფლებაც აღარ ექნება'' - ამბობს
ადვოკატი.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ სკვერის
მოსაწყობად მერია 540 000 ლარს ხარჯავს. აქედან 100 000-ზე მეტი ლარი
უკვე ავანსად აქვს გადახდილი. საჯარო რეესტრი კი კანონიერ ძალაში
შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
ფოტოზე:
ადვოკატი რევაზ გოგიაშვილი
სტატიის გამოყენების პირობები