მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე 8 წელია მეწარმეობის
საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს უნარ-ჩვევებს უვითარებს.
ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება, ამიტომ მისი მოსწავლეები
ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და ახორციელებენ რეალურ ბიზნეს.
ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ ასაკში იღებენ ფინანსურ
განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს
მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ
კომპანიას, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ
სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ
მოგებას. ეს ყველაფერი მათ ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი
აზროვნების ჩამოყალიბებაში, დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური
განათლების მიღებაში,რაც დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება
თანამედროვე ახალგაზრდას”- გვიხსნის ნინო ლომიძე და დასძენს, რომ
შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს მარტივი და მეტად საინტერესო
გზით ასწავლის ფინანსების მართვის პოლიტიკას.
„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიღებული
შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას”-გვიზიარებს ნინო ლომიძე
ნინო ამბობს, რომ ბისზნესის მართვის სპეციალისტობიდან დაწყებითების
მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი მარტივი ყოფილა არა ერთი
გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფონზე, თუმცა
მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად, ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ
ძალას მმატებს. სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო
მოსწავლეს, დაანახო როგორ შეუძლია იმ კონკრეტული საგნის
ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეაჩვიო სირთულეების ისე
გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი პროგრესი რაც მას მოტივაციას
მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის მიღების სურვილი.
ფორმალურ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების
როლი მოსწავლის ცხოვრებაში, იმ უნარების განსავითარებლად,რაც მათ
რეალურ ცხოვრებაში სჭირდებათ. პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ მოსწავლეების
პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,სადაც თავად
მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა პროფესიებს.”-ამბობს
ნინო ლომიძე.
ნინო, თავის ცოდნასა და გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ
მოსწავლეებსაც უზიარებ, რადგან თვილის, რომ განათლება ყველა
ბავშვისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სკოლებში ახალგაზრდებს,მასწავლებლებსა
და სიფლის მოსახლეობას ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ
ფინანსური სისტემების გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ
მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა,
რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ უპირობო
სიყვარულის,სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”- ამბობს ნინო
ლომიძე
სტატიის გამოყენების პირობები