ახალი ამბები
ხელთუბანში დაკავებულ მამა-შვილს ბრალი დაუმძიმეს
გორის სასამართლომ ხელთუბანში დაკავებულ 5 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

როგორც პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა განაცხადა, ორ დაკავებულს ბრალი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის მუხლით წაუყენეს. 15 წლის მოზარდი სწორედ ამ მუხლითაა დაკავებული.

რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, პროკურატურა მათ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ედავება

ადვოკატის განცხადებით: ,,დაპირისპირება მოყვა იმას, რომ ბავშვი იყო არასრულწლოვანი, მართვის მოწმობის გარეშე, საჭესთან. მამამ აღნიშნა, რომ მივიდა პოლიციელი აგრესიული ტონით, ეს იყო და ეს. დაიწყო აქედან. რასაც მოჰყვა შელაპარაკება. დანარჩენი სამნი იდგნენ მოშორებით, დაახლოებით 30-40 მეტრში. არანაირი აგრესია არ ყოფილა მათი მხრიდან. ახლა ვითხოვდით გირაოს გამოყენებას, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა. საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია. საიდან გაჩნდა ცული ან დანები, ამაზე არ გვიმსჯელია'' - განაცხადა ადვოკატმა მიროტაძემ, რომელიც 5-ვე ბრალდებულის ინტერესებს იცავს.

პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი ამტკიცებს, რომ მოქალაქეები პოლიციელებს ცულით და დანებით დაესხნენ თავს.

,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცულის გამოყენებით სცადა პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა გამაფრთხილებელი გასროლა. ამის შემდეგ, დამატებითი ეკიპაჟის წევრების გამოძახება გახდა საჭირო. წინაღმდეგობა იყო აქტიური, აგრესიული. სწორედ დამატებით მისულ პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობა განხორციელდა'' - განაცხადა პროკურორმა.

ხელთუბანში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ წლისთავზე ნათესავები იყვნენ შეკრებილნი. ნასვამმა მამამ 15 წლის მოზარდს სახლამდე მანქანით მიყვანა სთხოვა. სწორედ ამ დროს მათთან მივიდა პოლიციელი, რომელიც, ადგილობრივების ცნობით, აგრესიულობით გამოირჩეოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები