ახალი ამბები
მინისტრმა გორში ის საკალმახე დაათვალიერა, რომელიც გასულ წელს დააჯარიმეს
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორში, კარალეთში მდებარე საკალმახე მეურნეობას – „დს ფიშ გრუპს“– ეწვია, რომელიც 2024 წლის თებერვალში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დააჯარიმა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საწარმო სკრინინგის შეფასების გარეშე ფუნქციონირებდა და დაჯარიმდა 7 000–დან 10 000 ლარამდე ოდენობით.

კომპანიის მტკიცებით, მათ ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში მიმართეს შესაბამის სააგენტოს, უნდა გაევლოთ თუ არა სკრინინგის პროცედურა, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. მიუხედავად ამისა, 2 თვეში დააჯარიმეს.

საწარმომ 2024 წლის ზაფხულში მოამზადა სკრინინგის შეფასების დოკუმენტი, სადაც განმარტებულია, რომ 2023 წელს წარმოების მასშტაბი გაიზარდა, რაც უკვე სავალდებულოს ხდიდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და სამინისტროს თანხმობას.

დოკუმენტში მითითებულია, რომ მსგავსი საქმიანობა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ საფუძველზე რეგულირდება. კოდექსი 2018 წლიდან მოქმედებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად არის მიღებული.

,, პს „დს ფიშ გრუპი“ აწარმოებს თევზის პროდუქციას არასრულ- სისტემიანი მეთოდით, კერძოდ: თევზსაშენ მეურნეობაში არ ხორციელდება თევზის ქვირითობა ან/და ლიფსიტის გამოჩეკვა. კომპანია 150-300 გრამიან ლიფსიტებს ყიდულობს შესაბამისი მომწოდებლებისგან (ადგილობრივ ბაზარზე) და უზრუნველყოფს მათ გამოზრდას 4 -7 კილოგრამამდე. თევზების საკვებად ძირითადად გამოიყენება ხელოვნური საკვები („ Coppens“–ნიდერლანდები; „Aller aqua“–პოლონეთი). ობიექტზე ქიმიური და ვეტერინარული საშუალებები არ გამოიყენება.'' - ვკითხულობთ საწარმოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები