ახალი ამბები
ბრეთში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს საქონლის სადგომი დაუწვეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში მცხოვრები ვეტერანი, ამირან ზექალაშვილი, აცხადებს, რომ 24 ივლისს მისი საქონლის სადგომი გადაწვეს და მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

„ჩემო ძვირფასებო, ეს არის ტანჯვა-წამებით აშენებული ბოსელი. სჯობდა ზურგში დანა ჩაერტყათ, ვიდრე ეს გაეკეთებინათ. სოფელში ყველას ვეხმარებოდი, აქ ყველას ვუყვარვარ. ვინ მიღალატა, არ ვიცი. შური იძიეს, გადაწყვიტეს, რომ დედა ეტირათ ჩემთვის.“

ზექალაშვილი დენის მოკლე ჩართვას გამორიცხავს, რადგან სადგომში ელექტროსადენები არ იყო გაყვანილი.

„ვიბრძვი იმისთვის, რომ ვეტერანები არ იყვნენ გაჭირვებულები. გაიხედეთ სოფელში რა ხდება – სასმელი წყალი არ გვაქვს. სულ ვამბობდი, ვაფიქსირებდი, გვერდში ვიდექი ოპოზიციას.“

ამირან ზექალაშვილი ომის ვეტერანია. 1992 წელს ტირასპოლიდან საქართველოში დაბრუნდა და აფხაზეთის ომში იბრძოდა. მონაწილეობა მიუღია როგორც გორის, ასევე ქარელის ბატალიონის შემადგენლობით.

„ძმა დამეღუპა. ვიბრძოდი, ვიბრძოლე ამ ქვეყნისთვის, და ახლა ასეთი დღე მაჩვენეს...“

ვიდეოში ამირანი საქონლის სადგომის წინ დგას და თავისი ტკივილის შესახებ ღიად საუბრობს. მოქალაქეებს სთხოვს სიმართლის მხარეს დადგნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები