ახალი ამბები
ასეთ სოფელში ნატვრაც კი ოცნებას ჰგავს - აზა ჯიოშვილი კლდუდან
აზა ჯიოშვილი ხშირად ამბობს, რომ ასეთ სოფელში ნატვრაც კი ოცნებას ჰგავს — შორეულს, თითქოს ხელის მიუწვდომელს. მისი 73 წელი ბევრ ზამთარს მოესწრო, მაგრამ ამხელა სიმკაცრე ვერ გაახსენდა. არც კი ეგონა, რომ ნავესი ასე ადვილად ჩამოინგრეოდა. იმ შემოდგომაზე ვერ მოასწრო ყველაფრის დროულად გადახურვა. ლობიო, რომელიც ეზოში შემოიტანა, გასუფთავება ვერ მოახერხა — სველი შეეპარა, გაფუჭდა, და აზა ხელცარიელი დარჩა. ბოლოს სათესლე ლობიოც კი იყიდა, რომ გაზაფხულზე ისევ ეცადა.

,,არ ვიცი, ახლა ასეთ სოფელში რა უნდა ინატროს ადამიანმა. ასეთი ნატვრა ოცნებასავით იქნება. 73 წლის ასაკში ასეთი რთული ზამთარი არ მახსოვს. რომ ნავესი დაანგრია, არც მეგონა. შემოდგომით დროულად ვერ დავაბინავე, მოვიტანე და იქ დავაწყე, რომ ვერ მოვასწარი ლობიოს გასუფთავება და დასველდა, გაფუჭდა… დავრჩი სულ მთლად ისე, სათესლე ლობიოც კი ვიყიდე.'' - ამბობს აზა.

სოფელში ორი წყლის არხი მოდის — თითქოს ორი კაპელნიცა, არც ემატება, არც აკლდება, მაგრამ ზამთარში მაინც წყდება. ერთი აქაა, მეორე იქ, ორივე დაბლა ბოჩკაზეა შეერთებული, შემდეგ კი მოტორი მეორემდე მიიყვანს. იმ მძიმე ზამთარს თოვლი იმდენად ღრმა იყო, რომ შლანგის თავზე ნამქერი მაღლა იდგა, ყველაფერს ფარავდა. როცა დათბა, აზამ ფუტკრები ნახა — აღარ იყვნენ. ბუდეები ცარიელი დარჩენილიყო, ფუტკრები კი გაყინულან და დახოცილან.

,,ორი არხი მოდის, ორი — ერთი კაპელნიცასავით, არც ემატება, არც აკლდება, და ზამთარში წყდებოდა. აი ერთი აქ არის, მეორე იქ, და ორივე დაბლა ბოჩკაზეა შეერთებული, მერე მოტორით მეორე ბოჩკაზე. თოვლი იყო, მგონი. აი ის შლანგი, აი იმის თავზე უფრო მაღალი ნამქერი იყო და ისე წამოსული, რომ აქ საერთოდ რამე თუ არსებობდა, არც ეტყობოდა. რომ დათბა, ვნახე, ფუტკარი აღარ იყო — გაგუდული, დახოცილი სულ.''




ფინანსისტი სპეციალობით, წლები თბილისში უცხოვრია. სოფლის ცხოვრება მისთვის მძიმეა, მაგრამ სახლსა და მამაპაპის ეზოს ვერ შეელია. მამა ომის ინვალიდი იყო, პროფესიით პედაგოგი, დედა — შეუდრეკელი და შრომისმოყვარე ქალი. აზას არაერთ ძლიერ ორგანიზაციაში უმუშავია.

ბოლო სამსახური აგრო-სამრეწვერო კომიტეტში ჰქონდა. იქიდან ოსების თითქმის ყველა გაათავისუფლეს, მის გარდა. 1500 ადამიანში მხოლოდ ექვსი ოსი იყვნენ. მისი განყოფილების თანამშრომლებმა არ დაუშვეს აზას გათავისუფლება. დირექტორმაც განუცხადა: „ასე ვერ მოვიქცევი“. ამბობდნენ, რომ უთქვამს — მირჩევნია მე წავიდე, ვიდრე აზას ვუთხრა, ოსობის გამო უნდა გაგათავისუფლოო.

1992 წლის მაისში კომიტეტში რეორგანიზაცია მოხდა. მანამდე იქ მუშაობდა, შემდეგ კი კლდუში გააგრძელა ცხოვრება. უკვე ოცდაათი წელია ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს — რძესა და ხორცს ამზადებს და, როგორც თვითონ ამბობს, სხვა არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები