ახალი ამბები
,,წლები ერედვში დაბრუნების იმედად მიქრის'' - 90 წლის ქეთევან ბერუაშვილი
,,დილით, როგორც კი გათენდებოდა, წამოვხტებოდი და ციბრუტივით ვტრიალებდი'' — ამბობს ქეთევან ბერუაშვილი, რომელიც ახლა 90 წლისაა და წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს

,,სახლის საქმე, ბაღები, საქონელი, და ხანაც თონეში პურის ცხობა — ეს ყველაფერი ხომ უნდა მომესწრო, რადგან საღამომდე მეურნეობაში მემუშავა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჭირშიც დავდიოდი და ლხინშიც. ხომ იცით, სოფელში ჩაკეტილი ადამიანი არ უყვართ — თავისთვის, თაგვივით რომ ცხოვრობს და ხალხში არ ჩანს. მე კი, განა ძალით გავდიოდი — არა, არა, გარეთ გასვლაც მიყვარდა. არც სახალხო ღონისძიებებს გამოვტოვებდი, მაგალითად, ძალიან ბევრჯერ წავსულვარ "კოსტაობაზე", სადაც ღია ცის ქვეშ თათარა მიკეთებია. არც უშრომელი უყვარს სოფელში ვინმეს, გამრჯეს კი ყველა აფასებს. ჩემთვის ისიც ძალიან წამახალისებელი იყო, შინ თუ გარეთ, ჩემი სიტყვისა და საქმის რომ სჯეროდათ და მენდობოდნენ, ვეიმედებოდი, როგორც საუკეთესო თანამშრომელი. თანაც ვგრძნობდი, ჩემი წარმატება გულწრფელად რომ ახარებდათ.''

,,დიახ, ერედვში დავიბადე დიდი გაჭირვების წლებში. ხალხისა და ხელმძღვანელობის მხრიდან დაფასება ძალასა და ენერგიას მმატებდა. ისეთი პატარა დავობლდი, რომ მშობლები არც მახსოვს. ამიტომ ბავშვობა სიღატაკეში, დიდი წვალებითა და უბედურებით გავატარე. მეორე მსოფლიო ომის დროს მე და ჩემი სამი დედ-მამიშვილი პატარები ვიყავით, თუმცა მახსოვს, ხალხს ძალიან უჭირდა... ვინც გვიცნობდა, ჩვენი, ობლების გადარჩენას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ვენაცვალე უფლის ძალას, ობოლ-ოხრები რომ შეგვიცოდა და დაგვზარდა. ისეთი ჯანმრთელები დაგვზარდა, რომ ბევრ ჩვენზე შეძლებულ პირობებში მყოფ ოჯახიშვილებზე მეტი შრომის თავიც მოგვცა. მართალია, წლები კაბინეტებში არ გაგვიტარებია, მაგრამ ტოლი არავის დავუდეთ და ჩვენი სარჩო მუდამ გვქონდა.''

— ხუთი შვილი გყოლიათ. თქვენი ცხოვრება სულ შრომაში გაგიტარებიათ. მეუღლეც თქვენსავით სახლიდან სულ გასული იყო თუ ბავშვებთან ვინ რჩებოდა?

— მანანა, ლალი, მაია, ნონა და ნინო... უფროსები რომ წამოვზარდეთ, პატარებს ყურს თვითონ გოგოები უგდებდნენ. აბა, რომ არ გვემუშავა, განა ისეთ პირობებს შევუქმნიდით, რომ ესწავლათ?! ერთმა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა, ერთმა — ფარმაცევტული, ორმა — ეკონომიური, ნინომ კი მუსიკალური, სამედიცინო და შემდეგ — პედაგოგიური.

ჩემი ქმარი, შალვა ცოტნიაშვილი, მძღოლად მუშაობდა, მაგრამ სიბერეს ვერ მოესწრო — ნაადრევად დაიღუპა, 57 წლისას ჯანმრთელობამ უმტყუნა. შვილები უკვე დიდები იყვნენ, მაგრამ მამას რომ ეცოცხლა, მათი საქმე ხომ უკეთესად იქნებოდა?! შრომა ისევ ჩვეული რიტმით გავაგრძელე.

გოგოები კარგად სწავლობდნენ და თან სახლის საქმეში გვეხმარებოდნენ. მათ შეუძლებელი ბავშვობიდან არაფერი იყო, ჩემს დატვირთულ შრომასაც აფასებდნენ. აი, ასეთი მძიმე შრომით ავაშენეთ სახლი და რაც საჭირო იყო, კიდევაც შევიძინეთ.

— და იქაურობა რომ დაამშვენეთ, ყველაფერი დაინგრა კიდეც, ხომ?

— ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებამ თავიდანვე გული გაგვიხეთქა — სიძე შეიწირა, მერე რამდენი ჩვენებური, რამდენი ახლობელი... იმ წლებთან ბევრი ავადმოსაგონარი გვაკავშირებს, თუმცა 2008 წლის ამბავს კი ვერავინ წარმოვიდგენდით... სახლი, კარი, ოცნებები — ყველაფერი დაინგრა. მთავრობა აგერ მგონი ორ-სამჯერ შეიცვალა, მაგრამ იქ დაბრუნება ჯერ ვერ ხერხდება.

— დევნილობიდან 17 წელი შესრულდა და აქაურობას ვერ შეეჩვიეთ?

— თითქოს შევეჩვიე, თუმცა წლები ერედვში დაბრუნების იმედად მიქრის. გარშემომყოფელებთან ცხვირჩამოშვებული ხომ ვერ ვიქნები. შვილებთან, შვილიშვილებთან, მეზობლებთან — ყველასთან ხალისიანი მოხუცის როლს ვთამაშობ, თორემ ჩემი სახლი და ბაღები მენატრება. ხან ჩემი ცრემლიანი ბავშვობა მახსენდება, ხან კი მერე, წელში რომ გავიმართე, ის დრო. მეურნეობის მამულებიც თვალწინ მიდგას — დილიდან დაღამებამდე თავს რომ ვაკლავდი და საღამოს, შვილებთან დაღლილ-დაწყვეტილი ვბრუნდებოდი.

— მოძალებულ ფიქრებსა და დარდებს როგორ, რა მეთოდით უმკლავდებით?

— ჩემი შვილებისა და შვილიშვილების დანახვა ჩემი ბედნიერებაა, მაგრამ ისინი მუშაობენ და სულ აქ როგორ მეყოლებიან?! გულის გასახალისებლად დაქალსა ვსტუმრობ ხოლმე — რუიზან ბაბუციძე-ჭულუხაძე აჩაბეთელია და წეროვანში გავიცანი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მეზობლად დაასახლეს, თორემ რა მეშველებოდა, არ ვიცი... მე 90 წლისა ვარ, ის ჩემზე ცოტა უმცროსია, მაგრამ ერთი ინტერესები გვაქვს, ერთი და იგივე თემებზე ვლაპარაკობთ, თორემ როცა მარტო ვარ, სიმშვიდე არ მაქვს...

ნანა კახნიაშვილი, 2025 წლის 5 აგვისტო, მასალა მომზადებულია ქურთის მუნიციპალიტეტის გაზეთ ,,ლიახვის ხეობისთვის''


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები