უზენაესი სასამართლოს ცნობით, საბოლოოდ გამართლდა პირი, რომელსაც
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, 1994 წელს მომხდარ მკვლელობაში
ედებოდა ბრალი. საქმე უსანეთობის დღესასწაულზე მომხდარ ფაქტს
ეხება.
გადაწყვეტილების მიხედვით, იმ დროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე
ეჭვმიტანილის სტატუსის მქონე პირი ადგილიდან მიიმალა.
გორის პროკურატურის პროკურორი შორენა მგალობლიშვილი დამნაშავედ ცნობას
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 105-ე მუხლით (1994
წელს მოქმედი რედაქცია) და ამ მუხლების სანქციების ფარგლებში
მაქსიმალური სასჯელების განსაზღვრას მოითხოვდა.
საქმე ჯერ გორის სასამართლომ, შემდეგ სააპელაციო სასამართლომ
განიხილა. გამამართლებელი განაჩენი პირველივე ინსტანციაში, 2022 წელს
დადგა.
იყო თუ არა ბრალდებული პირი დაკავებული ან იმყოფებოდა თუ არა
საქართველოში, სასამართლოს განხილვის დროს, ეს გარემოება
გადაწყვეტილებაში განმარტებული არაა. მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ
პირველივე ინსტანციაში განაჩენი მის დაუსწრებლად გამოცხადდა.
გამართლებულს განემარტა მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის
ანაზღაურების უფლება.
როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მკვლელობას ორი მოწმე ჰყავდა,
ამათგან დაკითხული იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, იმ დროისათვის
არასრულწლოვანი:
მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ ვინ ესროლა თანასოფლელს და
მოკლა, არ იცის; შემთხვევისას იყო არასრულწლოვანი; პოლიციაში მის
დაკითხვას არც ადვოკატი ესწრებოდა, არც – კანონიერი წარმომადგენელი,
პოლიციელებმა კი დააშინეს, რომ შენობასთან შეგროვილი ხალხი მის
მოსაკლავად იყო მისული და, თუ არ დაწერდა, რასაც ეტყოდნენ, გარეთ
გაიყვანდნენ; მოწმეს შეეშინდა და პოლიციელების მიერ მოტანილ ფუცლებზე
ხელი მოაწერა; ვინაიდან იცოდა, რომ ჩვენების შეცვლისთვის დაიჭერდნენ,
1994 წელს მიცემული ჩვენება დაადასტურა 2009 წელს მასთან მისულ
გამომძიებელთანაც.
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, /გარდაცვლილის/
მიმართ იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით, მკვლელობის განზრახვით თუ
ქმედების ჩამდენი პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
არ არის ამოღებული დანაშაულის იარაღი, რომელიც დაადასტურებდა როგორც
განზრახ მკვლელობის, ისე – სათანადო ნებართვის გარეშე ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებს. საკასაციო
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე სრულყოფილად არ ჩატარებულა
გამოძიება, არ არის დაკითხული ფაქტის შემსწრე კიდევ ერთი მოწმე,
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არათუ პირდაპირ, ირიბადაც კი
არ მიუთითებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაზე.'' -
აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2025 წლის
24 ივლისს გამოცხადდა.
სტატიის გამოყენების პირობები