ახალი ამბები
კასპის მერმა საკუთარ ნაკვეთამდე ასფალტი დააგო - რამდენიმე სოფელი კი გზის გარეშეა
კასპის სოფელ თელიანში მოსახლეობამ უკმაყოფილებით განაცხადა, რომ კასპის მერმა ასფალტი საკუთარ სოფელში თავის ნაკვეთამდე დააგებინა ბიუჯეტის ფულით. სოფელ ჭყოპიანში კი გვითხრეს, რომ წლებია უპატრონოდ არიან მიგდებულები და გზაც მეფისქალაქიდან ჭყოპიანამდე ნაწილ-ნაწილ იხრეშება.

,,ჩვენი გზები რას ჰგავს, წადით ნახეთ, რა ხდება სასირეთში. საკუთარ ბაღამდეც კი ასფალტი დააგო მერმა. ჩიხებშიც კი ასფალტია. ჩვენ რით ვართ ნაკლები?" - გვითხრეს თელიანში.

მართლაც, სოფელ სასირეთში, ასფალტი მერის, ვახტანგ მაისურაძის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდეა დაგებული. გარდა ამისა, ასფალტი დააგეს მერის ნაკვეთთან ახლოს მდებარე საქეიფო ადგილამდეც. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-მა" 2025 წელს შეასრულა.

როგორ ნაწილდება ბიუჯეტი კასპში? ამაზე საკრებულოს თავმჯდომარემ სოფელ წინარეხში ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში სოფლის კრებაზე ისაუბრა:

,,მაგალითად, წელს რომ ერთ სოფელს 1 მილიონიანი პროექტი აქვს, მომავალ წელს ამდენივე თანხას მათთვის ხომ ვეღარ გამოვყოფთ? სხვა სოფელსაც ხომ უნდა? მომავალ წელს სხვა სოფელზე წავა დიდი პროექტი. ყველა სოფელზე თანაბრად ვანაწილებთ პროექტებს" - უთხრა საკრებულოს თავმჯდომარემ წინარეხელებს.

ფოტოზე ჩანს ,,თანაბრად განაწილებული" რესურსის შედეგი
Print

სტატიის გამოყენების პირობები