ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გორის საკრებულოში თავმჯდომარის,
დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.
საკრებულოს წევრის, ბექა ქორჩილავას განცხადებით, დავით რაზმაძეს
არაერთხელ გაუკეთებია პრორუსული და მოღალატეობრივი განცხადებები.
თუმცა, გუშინ გამოქვეყნებული ინტერვიუ, სადაც იგი მადლობას უხდის
ოკუპანტებს 2008 წლის ომის დღეებში გორში შემოსვლისთვის, ყოველგვარ
მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება.
,,ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენი ფრაქციის წევრები
მიიჩნევენ, რომ რაზმაძემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და
დატოვოს დაკავებული თანამდებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულომ
მისი იმპიჩმენტი უნდა განახორციელოს.'' - აცხადებს ბექა
ქორჩილავა.
მისი განმარტებით, იმპიჩმენტისთვის საკმარისია საკრებულოს წევრთა 12
ხმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის გარდა, დამატებით საჭიროა
პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრთა 3 ხმაც. ფრაქციის
წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით,
ამჯერად მათი მხარდაჭერასაც მოიპოვებენ.
,,მოვუწოდებთ გორის საკრებულოს სრულ შემადგენლობას – მათ შორის
„გახარია – საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ იმ წევრებს,
ვისთვისაც მტკივნეულია რუსი ოკუპანტების ქმედებები საქართველოში:
იხელმძღვანელონ სინდისითა და პატრიოტიზმით და მხარი დაუჭირონ დავით
რაზმაძის, როგორც კორუმპირებული და პრორუსი ჩინოვნიკის,
თანამდებობიდან გათავისუფლებას.'' - წერს ,,ნაციონალური მოძრაობის''
წევრი ბექა ქორჩილავა.
სტატიის გამოყენების პირობები