ფეისბუქზე აქტიურობის გამო კასპის სოფელ კავთისხევში მოქალაქეებს
პრობლემები ექმნებათ. ბრალდების ადრესატი მერის წარმომადგენელი მიხეილ
კელაპტრიშვილი და მისი შვილია.
სოფლის ჯგუფში ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ მამა-შვილმა გალანძღა. ამ
განცხადების მიხედვით, მერის წარმომადგენელმა აგინა კიდეც:
,,ხმა რომ ამოვიღე წყლის პრობლემაზე, გენახათ რა პირით მლანძღეს,
პროვოკატორი ხარო.. მერე განცხადება მივიტანე, უამრავი ხალხის
ხელმოწერილი და ყველას სათითაოდ ჩამოუარა სახლში დიდი საყვედურებით,
როგორ გაბედეთ და ხმა ამოიღეთ წყალზე, ვის უწერთ ხელს
განცხადებაზეო... მერე შვილმაც მლანძრა და თავადაც მაგინა მიშიკომ." -
წერს მოქალაქე საჯაროდ.
კიდევ ერთი მოქალაქე წერს, რომ სოფლის წყლის ავზი შენობის სარდაფშია,
საიდანაც წყალს სათლებით ეზიდებიან, ტენდერები კი მერის
წარმომადგენლის ახლობელზეა მორგებული, თუმცა პრობლემა ვერ
გვარდება.
მიხეილ კელაპტრიშვილს დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც აცხადებენ,
რომ კელაპტრიშვილმა სოფელში გარეგანათება დააყენა და გზა დააგო. წყლის
ავზს კი საკუთარი ხელით ასუფთავებსო.
თავად კელაპტრიშვილი დისკუსიაში ღიად არ ერთვება. თუმცა მოქალაქე
წერს, რომ მერის წარმომადგენელი პირადად უკავშირდება მათ, ვინც
უარყოფით კომენტარებს წერს და მათთან საქმის გარჩევას იწყებს. ამის
დასადასტურებლად მიმოწერის სქრინიც დადო.
რაც შეეხება წყლის პრობლემას, მოქალაქეების აქტიურობის შედეგად,
საკითხით სახალხო დამცველი დაინტერესდა. სახალხო დამცველმა ოფიციალურ
სტრუქტურებს საკითხის შესწავლა დაავალა.
სტატიის გამოყენების პირობები