ახალი ამბები
ფერმასა და ჩანგილარში წყლის პრობლემა კიდევ 3 თვე გაგრძელდება
„ფერმასა და ჩანგილარში წყლის მარაგი დღე-ღამეში 300 ტონა იქნება,“ – უთხრეს ადგილობრივებს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჭაბურღილს აკეთებენ. ობიექტი ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კასპის მერიამ ვადა კიდევ 3 თვეზე გადასწია.

სოფელ ფერმის მოსახლეობა „ქართლის ამბებთან“ ამბობს, რომ ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნება. მათი აზრით, საუკეთესო გამოსავალი თეზი-ოკამის წყალსადენთან მიერთებაა. ამჟამად ამ წყალსადენით მხოლოდ ფერმის ერთი უბანი სარგებლობს.

„კომუნისტების დროს ჩვენ წყალს თეზი-ოკამიდან ვიღებდით. იქ იმდენი მარაგი იყო, ყველას გვყოფნიდა. სამხედრო გარნიზონიც იდგა და მათთვისაც მუშაობდა. ძალიან მაგარი სისტემა იყო. ახლა რა გააკეთეს იცით? ნაცვლად 200 მმ-იანი მილისა, ჩვენს სოფლამდე 90 მმ-იანი მილით ჩამოიყვანეს. ამ მილით რა წყალი უნდა მოვიდეს? თუ აკეთებ, გააკეთე ნორმალურად. თან თეზიდან მომავალი სათავეც მისახედია,“ – გვითხრეს სოფელ ფერმაში.

ფერმა და ჩანგილარი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებია. აქ თითქმის ყველა ოჯახს საქონლის ფერმა აქვს.

„ეს ახალი ჭაბურღილი იმისთვის გააკეთეს, რომ ცოტა ხანს გაგვაჩუმონ.“

„წარმოიდგინეთ, მარტო ერთ სულ საქონელს დღეში 50 ლიტრი წყალი სჭირდება. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ძირითადად ჭები გვაქვს, მაგრამ ისინი თანდათან შრება,“ – გვითხრეს სოფელ ფერმაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები