ხაშურელი ისტორიკოსის, თამაზ ლაცაბიძის წიგნში „100 წელი 1924 წლის
აჯანყებიდან“ მოთხრობილია ეპიზოდი, რომელიც 1921 წელს დაჩნის
მატარებელში მოხდა.
მატარებელში იმყოფებოდა ბოლშევიკი კომისარი, რომელმაც მოგვიანებით
თავის ოფიციალურ მოხსენებაში აღწერა ის განწყობა, რაც მგზავრებს შორის
ახალი, ბოლშევიკური ხელისუფლების მიმართ სუფევდა.
კომისრის ეს წერილი საუკუნის შემდეგ, 100 წლის თავზე, არქივში იქნა
ნაპოვნი.
ვიდრე წერილის შინაარსს გააცნობს ისტორიკოსი, ის წინასიტყვაობაში
აღნიშნავს, რომ ისინი ვინც ახალ ხელისუფლებას უთანაგრძნობდნენ, არ
ერიდებოდნენ დასმენებს, ხელიდან არ უშვებდნენ შესაძლებლობას, რომ
ადგილობრივ მთავრობამდე მიეტანათ საზოგადოების იმ ნაწილის განწყობა,
რომლებიც თუნდაც სიტყვით უპირისპირდებოდნენ და უკმაყოფილებას
გამოხატავდნენ.

არქივებში
ასეთი შინაარსის არაერთი დოკუმენტია დაცული. აი ერთ-ერთი:
,
,ქალაქ ხაშურის რაიონის ადმინისტარციულ განყოფილებას ვასილი
დეკანოიძისაგან განცხადება
,,მე მოვდიოდი ქალაქ თბილისიდგან 28 აპრილს 1921 წელსა დაჩნის
მატარებლით. შევხვდი მატარებელში შემდეგს:
ჩემს კუპეში, რომელშიდაც მე ვიჯექი სხვათაშორის ისხდნენ უცხო პირებიც,
რომლებსაც მე ვერ ვიცნობდი.
იქ ორმა უცნობებმა დაიწყეს ლაპარაკი სურსათის შესახებ და
ლაპარაკობდნენ მენშევიკების ხელში რომ ვიყავით პურიც და ტანსაცმლით
დაკმაყოფილებულები და ეხლა კი ბალშევიკების ხელში შიმშილით
იხოცებიანო.
მე გულმა აღარ მომითმინა და მივმართე, შენ, ამხანაგო, სად მსახურობდი
მეთქი. მათ მიპასუხეს, გვარდიაშიო. მე მაშინ, რა თქმა უნდა, დავუწყე
ლაპარაკი, რომ გვარდიელებს მიტომ აკმაყოფილებდნენ მენშევიკების
მთავრობა, რომ გვარდია ჰყამდათ ერთათ ერთი დამცველი თავიანთ საზიზღარი
მოქმედებისა და გვარდიის საშუალებით ამაღლებდნენ ბურჟუაზიულ
წესწყობილებას მეთქი.
მე რომ ის გვარდიელები ჩავაჩუმე, ერთ უცნობს რომელიც უკან კუპეში
იჯდა, გულმა აღარ მოუთმინა და წამოიყოჩა ჩემსკენ, რომელმაც დამიწყო
ბაასი და მითხრა, თქვენ რომ პირდებოდით მუშებს და გლეხებს თეთრ პურს
გაჭმევთო, რატომ არ გამოგიგზავნათ რუსებმაო.
ამას ლაპარაკობდა ხალხის საყურადღებოდ, რასაც ეხლა სჭამთ, ისიც
მენშევიკების დატოვილია და როცა ეგეც გამოგელევათ, მაშინ ნახამთ რასაც
სჭამთო.
მე, რა თქმა უნდა, შესაფერისი პასუხი მივეცი. მაშინ კიდევ მითხრა,
ეხლა რომ მუშათა და გლეხთა საბჭოები უნდა ამოირჩიოთო და მაშინ ნახამთ,
თუ ვის ამოირჩემთ და ან ვინ გავა საბჭოებშიო.
ამას იმ კილოზე ლაპარაკობდა, რომ მე ეჭვი შემეპარა იმაზედ, რომ ის
უნდა იყოს მენშევიკების დატოვებული ორგანიზატორი და იმედიც მიტომ
აქვს, რომ ვითომ თავიანთი მეცადინეობით ჩვენს დამარცხებას
ლამობდა.
ამ ლაპარაკის დროს, რომლის პრავაკაციამაც ხალხის ყურადღება მიიქცია,
ერთმა მოხუცებულმა წამოიძახა, აბა შენ აშენებ საქართველოსაო,
თქვენისთანა ხალხმა დაგვღუპა მთელი გლეხობაო, მე იმასაც შესაფერისი
პასუხი მივეცი.
ბოლოს როდესაც დავმშვიდდით, მე ვეცადე, გამეგო იმ ახალგაზრდას ვინაობა
თუ ვინ იყო ის და სიდაური, მე მინდოდა, ვაგონშივე დამეპატიმრებინა
მაგრამ არ მოხერხდა ვინაიდგან ხალხით ვაგონი გაჭედილი იყო.
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში
გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები, რომლებიც მას ემხრობოდნენ იმ
ლაპარაკის დროს.
მაშინ ვიკითხე და მითხრეს, რომ ის იყო სოფელ ახალსოფლიდგან
მაცხოვრებელი და თითონ კი თბილისში მოსამსახურე და მის მომხრები კი
მასთან მიმავლები ყოფილან.
სტუმრები იყვნენ, თუ იმათი ოჯახის წევრები, არ ვიცი. ის მოხუცებული
კაცი რომელიც ზევით აგიწერეთ, აღმოჩნდა მამამისი, რომლებმაც ასეთი
პროვოკაციით მთელი ხალხი ააჯანყა.
ვიკითხე გვარი და სახელი, თუ რა გვარი იყო ის და მითხრეს ნიკალა
გურასპაშვილი არისო. ის ზემოხსენებული ორი გვარდიელი კი არ ვიცი,
რომელ სადგურზე გადავიდნენ და არც მათი გვარები ვიცი, ამასაც
დაუმატეთ, მანამ სადგურ გომში მივიდოდით, მათთან იჯდა იმავე ვაგონის
კონდუქტორი, რომელსაც მიმართეს ხალხმა სანთლის ანთება, რადგანაც
დაბნელებული იყო და მან უპასუხა თქვენი საქმე არ არის ავანთეფ თუ
არაო.
მერე მეც მივმართე და მან მე სულ სხვანაირი პასუხი მომცა, მე შენთან
ლაპარაკი არ მსურსო. მე უთხარი ამხანაგო მე კი არ გეკამათები, სანთლის
ანთებას გთხომ მეთქი, მაშინ წამოდგა კიდე ბატონი ნიკალა გურასპაშვილი
და დაცინვის კილოთი ხალხის საყურადღებოთ მითხრა, კარქი, რაღა სულ შენ
ლაპარაკოფო. ვიცით, რომ კომუნისტი ხარო და იმის დაცინვით სიტყვა
იმათთან, ვინც მოდიოდნენ და გურასპაშვილს მხარს უჭერდნენ, დაიწყეს
ხარხარი.
ბოლოს ისინი გადავიდნენ სადგურ გომში, მე მინდოდა, გადავსულიყავი და
ისინი, რომლებიც ხუთ კაცამდის მიყამდა თავისთან ნიკალა გურასპაშვილს,
დამეპატიმრებინა. მ
აგრამ გადასვლა უხერხულად იყო ჩემთვის, ასეთი იმის პრავაკაცია ყოვლათ
დაუშვებელია და ამისათვის გთხომთ, მიიღოთ სასწრაფოთ ზომები და
დააპატიმროთ ის. და შეუდგინეთ ოქმი ამ ჩემი განცხადების თანახმად და
გადააგზავნეთ, სადაც ეკუთვნის მას’’ - ციტატის
დასასრული.
ხაშურის სამმართველოს განყოფილების გამგემაც არ დააყოვნა და იმავე
განცხადების უკანა გვერდს ხელით სასწრაფოდ მიაწერა ოქმი:
,,მე ადგილობრივი რემკომის
სამმართველოს განყოფილების გამგემ ვიხელმძღვანელე ყოველივე ამ ზემო
ნაჩვენები განცხადებით და მივიღე ყოველივე ზომები ნახსენებ ზემო
ბრალდებულზე, ნიკალა გურასპაშვილზე..''
მიღებული ზომების თანახმად, გურასპაშვილი იპოვეს, დააპატიმრეს და
მიუსაჯეს ორი წელი იძულებით სამუშაო ბანაკში, ამნისტიის გარეშე.
ასე დარჩა ერთადერთი შვილის მოხუცებული მშობლები იმედისა და ნუგეშის
გარეშე:
,,ჩვენი ერთადერთი შვილი და
შემნახველი ნიკო ზაქარიას ძე გურასპაშვილი, რომელიც ემსახურებოდა
მიწათმოქმედების კომისარიატში, სარაიონო კომისიის მდივნად, -
ვკითხულობთ მისი დედ-მამის მიერ რევკომის თავმჯდომარე ამხანაგ
მახარაძისადმი მიწერილ თხოვნაში, - საქართველოს საგანგებო კომისიის
დადგენილებით დასჯილია იძულებითი მუშაობით 2 წლის ვადით. ვინაიდგან
ჩვენ მოხუცებულმა, დაობლებულმა და უპატრონოთ დარჩენილმა მშობლებმა
ვიცით ნამდვილი საქმის გარემოება, რომ ჩვენი შვილი არაფერშია
დამნაშვე. ვფიქრობთ, რომ მისი დასჯა შედეგია გაუგებრობისა და
უყურადღებობისა, რადგან ჩეკამ არ გამოიძია გულდადებით საქმე.
,,არ ალაპარაკა დამსწრე მოწმეები და იხელმძღვანელა რა მხოლოთ ხაშურის
კომისარის თქმით, ჩვენი შვილი უდანაშაულოთ დასაჯა და ჩვენ ორი მოხუცი
მუშა მოამაგე მშრომელი მოხუცი სიბერის დროს, როცა ფიზიკური შრომის
უნარს მოკლებულნი ვართ, ულუკმაპურო დაგვტოვა, ორი წლით მაცხოვრებელი
გამოგვაცალა ხელიდგან და სიკვდილის მეტი აღარაფერი არ დაგვრჩენია.
,,საქმის გარემოება იმაშია, რომ ჩვენი შვილი რკინის გზის ვაგონში
მიმავალი რაღაცაზედ წალაპარაკდა დ.-თან, რომელმაც შეურაცხყოფა
მიაყენა. ამაზედ გულმოსული დ., როდესაც მისულა თავის რაიონში,
შურისძიების სურვილით შესდგომია ჩვენს შვილზედ უსაფუძვლო ოქმის
შედგენას და გამოუგონია რაც უფრო და უფრო პასუხის საგებელია
ბრალდებულისათვის ისეთი მძიმე საპასუხიმგებლო საგნები ჩუწერია ოქმში,
რომლებსაც არ ჰქონდა ადგილი მათი შელაპარაკების დროს.
,,მაგრამ ჩვენი შვილი კი ამ მიზეზით დაიღუპა და მასთან ერთად ჩვენც
ვიღუპებით და სიმშილით ვწყდებით. უმორჩილესად გთხოვთ, ამხანაგო
საქართველოს რევკომის თავმჯდომარევ და რესპუბლიკის მამავ და პატრონო,
მფარველო ყველა მოქალაქისა, თქვენის კაცთმოყვარეობით, ლმობიერებით და
ჩაგრულთა შემბრალე გულის მოწყალებით მოგვაქციეთ ჯეროვანი შემწყალებელი
ყურადღება, შეიბრალეთ მშრომელნი, ძალ-ღონე გამოცლილნი და უნუგეშოთ
დარჩენილი მოხუცებული მშობლები და ჩვენს ერთადერთ მარჩენალს აპატიეთ
სასჯელი და დაგვიბრუნეთ მშობლების წიაღში... ზაქარია თევდორეს ძე
გურასპაშვილი ბარბარე იოსების ასული
გურასპაშვილი”
როგორც შსს არქივში დაცული მასალებიდან ჩანს, გურასპაშვილი 20-იანი
წლების რეპრესიებს ცოცხალი გადაურჩა, შინ მშვიდობით დაბრუნდა,
დაოჯახდა, ქალიშვილიც შეეძინა, თუმცა 1937-1938 წლებში კვლავ
დააპატიმრეს...
წყარო: თამაზ ლაცაბიძე
100 წელი - 1924 წლის აჯანტებიდან
სტატიის გამოყენების პირობები