,,რა აზრი აქვს, რომ მივიდეთ? დავიღალეთ ამდენი წელი დაპირებით... თუ
წარდგენა უნდათ, მოვიდნენ ამ ქუჩაზე და ამ სუნში ჩაატარონ
შეხვედრა"
,,იქ სტადიონთან რომ იკრიბებიან და ატარებენ შეხვედრას, აქ უნდა
მოვიდნენ ხოლმე და აქ ჩაატარონ შეხვედრა"
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში მოსახლეობა წლებია
კანალიზაციის სუნში ცხოვრობს. ყოველი არჩევნების წინ ადგილობრივებს
პირდებიან, რომ კანალიზაციის ქსელი მოეწყობა, რისთვისაც მინიმუმ 2 მლნ
ლარია საჭირო. თუმცა, გამარჯვების შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავენ,
ეს თანხა აღარ ემეტებათ უფლისციხელებისთვის.
შეხვედრის წარდგენამდე მოსახლეობას გავესაუბრეთ, რომლებმაც გვითხრეს,
რომ არ აპირებენ ,,ოცნების" მერობის კანდიდატის კონსტანტინე ბუზალაძის
წარდგენაზე დასწრებას, რადგან მორიგი დაპირების მოსმენა აღარ
სურთ.
სოფელ უფლისციხეში 20-მდე საერთო საცხოვრებელია [ორსართულიანი
კორპუსები], სადაც კომუნისტების დროს კანალიზაციის საერთო ქსელი იყო
მოწყობილი. წლებია ეს ქსელი მოშლილია, ხოლო ნალექის დროს, ფეკალური
მასები სახლებში ამოდის.
დღის ბოლოს მერობის კანდიდატმა თავის ფეისბუქზე უფლისციხეში გამართული
შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. შეხვედრა მართლაც
სტადიონთან გაიმართა, რომელსაც საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები
ადამიანები არ ესწრებოდნენ.
,,ამ სოფლებში საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა. მოხარული ვარ, რომ
მოსახლეობა ამას კარგად ხედავს" - დაწერა ,,ოცნების" მერობის
კანდიდატმა.
სტატიის გამოყენების პირობები