ახალი ამბები
ბუნების დაცვისა და განვითარების ჰარმონია ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში
2024 წლის ოქტომბრიდან ორგანიზაცია People in Need-ი გორის მუნიციპალიტეტში, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის გარშემო მდებარე თემებისა და დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციისთვის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს და მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.

People in Need (PIN) - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სათაო ოფისი ჩეხეთში მდებარეობს. ორგანიზაცია 1992 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და განვითარების პროგრამებს.

საქართველოში People in Need 2005 წლიდან მუშაობს. მისი საქმიანობა მოიცავს დემოკრატიის გაძლიერებას, განათლებისა და მედიის მხარდაჭერას, გარემოს დაცვას, სოფლის განვითარებას და მოქალაქეთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.

ორგანიზაცია PIN განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თემებზე დაფუძნებულ მიდგომებს, რომლებიც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

ბოლო წლებში ორგანიზაციამ საქართველოში მრავალი ინიციატივა განახორციელა: ეკოტურიზმის, მცირე მეწარმეობის, ახალგაზრდული ჩართულობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით.

მისი პროექტები, მათ შორის პროექტი „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“, მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას.

გორში მიმდინარე 37-თვიანი პროგრამა 2027 წლის ოქტომბერში დასრულდება. ორგანიზაციაში სჯერათ რომ მისი შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ახლად შექმნილი დაცული ტერიტორიების საქმიანობას.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის გაძლიერება. ადმინისტრაციას უკვე გადაეცა ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი კატასტროფების და სამართალდარღვევების პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, რაც აუმჯობესებს ტერიტორიის მართვის ეფექტიანობას.


დასკვნით ეტაპზეა ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმის შედგენაზე მუშაობა, გეგმა განსაზღვრავს დაცული ტერიტორიების მართვის მიზნებს, პრიორიტეტებსა და კონკრეტულ ქმედებებს. ამ დოკუმენტის გარეშე ადმინისტრაციის საქმიანობა სისტემურობას კარგავს - ვერ ხდება რესურსების სწორად განაწილება, ველური ბუნების დაცვისა და ტურიზმის განვითარების დაბალანსება, ან მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება.

მენეჯმენტის გეგმის დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად ადმინისტრაციის რეინჯერებმა უკვე გაიარეს დრონის მართვისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ტრენინგი, რაც მათ საშუალებას აძლევს უკეთ აკონტროლონ ტერიტორია და ეფექტური რეაგირება მოახდინონ გარემოსდაცვით რისკებზე, მითუმეტეს, რომ PIN-ის მიერ პროექტის ფარგლებში მათ უკვე გადაეცათ ფოტოხაფანგები და უახლესი მოდელის დრონი, რეინჯერები ასევე აღიჭურვნენ ოპერატიული რეაგირების სამხრე კამერებით.

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ატენის,ბოშურისა და მღებრიანის თემებში მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ეკოტურიზმისა და ფერმერული საქმიანობის განვითარების გზით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ბაზრის კვლევა, რომელმაც გამოავლინა ხეობის ყველაზე პერსპექტიული ეკონომიკური მიმართულებები.

დაცული ლანდშაფტის სოფლების მოსახლეობისთვის გრანტების გაცემის პროცესი ეფუძნება ფინანსური თანამონაწილეობითი მიდგომის (FPA) მეთოდს, რომელიც გამჭვირვალობისა და სათემო მონაწილეობის პრინციპებზეა აგებული.

პროექტი დიდ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით განათლებას და თემში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. უკვე ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ადგილობრივი პედაგოგებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ეკო-განათლების და მდგრადი განვითარების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში.


პროექტის ფარგლებში დაცული ლანდშაფტის რეინჯერებთან ერთად სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მდინარე ტანას ნაპირების დასუფთავებაში. საფუძველი ჩაეყარა ფესტივალს „ტანა-თეძმობა“, რომლის მიზანია ადგილობრივი კულტურის წარმოჩენა და მოსახლეობის ეკონომიკური წახალისება მათი ნაწარმის რეალიზების გზით.



როგორც People in Need - ის გუნდში ამბობენ, მიმდინარე პროექტის დახმარებით ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი თანდათან გადაიქცევა მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრად, რომელიც ბუნების დაცვისა და ადგილობრივი განვითარების ჰარმონიულ ბალანსზე იქნება დაფუძნებული.

სტატია მომზადებულია პროექტის "ახალი ჰორიზონტები - ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება" ფარგლებში.

პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია People in Need, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოსთან თანამშრომლობით.

სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია მედია პორტალი QARTLI.GE და შესაძლოა რომ ის არ გამოხატავდეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები