ახალი ამბები
სოფელ სვენეთში ორმოების ამოვსება დაიწყეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ორმოების ამოვსება გრძელდება.

ეს ის სოფელია, სადაც რამდენიმე დღის წინ გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, ადგილობრივ ახალგაზრდა მცხოვრებს მსახიობი უწოდა იმის გამო, რომ, თითქოს, ის ორმოში ჩავარდა.

„ორმოს წამოვკარი ფეხი“ — უთხრა მასთან შეხვედრაზე მისულმა ახალგაზრდამ.

„აბა, ორმო?“ — მტკიცებულებას ითხოვდა მერის მოვალეობის შემსრულებელი.

ბუზალაძემ 20 წლის ახალგაზრდას მიმართა, რომ ის „მომავალი ოსკაროსანია“ და შესთავაზა კიდეც დახმარება გორის თეატრის დასში გასაწევრიანებლად.

შეხვედრაზე ახალგაზრდამ ასევე უთხრა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა უცხოური ფონდები, რომლებიც სკოლების აშენებასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარებოდნენ.

სვენეთში ავარიულ მდგომარეობაშია საბავშვო ბაღი, რომელიც კარზე გაკრული ინფორმაციის მიხედვით, 2012 წელს ამერიკელი ხალხის დახმარებით გაკეთდა. ამჟამად, წვიმების დროს ბაღში წყალი შედის და საძირკველი ზიანდება. სოფელში ითხოვენ მუნიციპალური ტრანსპორტის უზრუნველყოფასაც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები