ახალი ამბები
ნიგოზაში კომპანიამ სკოლის მშენებლობა მიატოვა
ასე გამოიყურება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში ახალი სკოლა, რომლის მშენებლობაც 2023 წელს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სამუშაოები უკვე სამი თვეა შეჩერებულია.

„არმატურა უკვე დაჟანგებულია. ნუთუ ეს ნორმალურია? ამბობენ, რომ პროექტირება არასწორად არის გაკეთებულიო, ჩვენ კი ზუსტად არაფერი ვიცით,“ — გვითხრეს სოფელში.

„სკოლა 120 ბავშვზეა გათვლილი, თუმცა პროექტში სპორტული დარბაზი საერთოდ არ არის. როცა ვიკითხეთ, გვითხრეს, სპორტული დარბაზი მხოლოდ იმ შემთხვევაში იგეგმება, თუ მოსწავლეთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს,“ — ამბობენ ადგილობრივები.

„საძირკველი ამოიღეს, მაგრამ ისევ მიწით ამოავსეს. ქვემოთ, სარდაფში, მაინც შეიძლებოდა დარბაზი გაეთვალისწინებინათ,“ — აცხადებენ ნიგოზაში.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ხელშეკრულება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოსა და კომპანია „ჯავას“ შორის 2023 წლის 21 მარტს გაფორმდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 3.7 მლნ ლარია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნიგოზაში ამ ეტაპზე შესრულებულია მხოლოდ 415 000 ლარის სამუშაო.

კომპანიას კასპსა და მცხეთაში სულ ხუთი სკოლის მშენებლობა აქვს ნაკისრი. მას ჩარიცხული აქვს 7 მლნ ლარი და ხელშეკრულების მიხედვით, ხუთივე სკოლა 2026 წლის 31 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები