ახალი ამბები
იმერხევში ამბობენ რომ ნიადაგმა დაიწია და რეაბილიტირებულმა გზამ დეფორმაცია განიცადა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევთან დამაკავშირებელმა გზამ დეფორმაცია განიცადა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ნიადაგმა ჩაიწია, თუმცა მიზეზი უცნობია.

გზა სოფელ ზღუდერიდან იწყება და მდინარე ღვანანას ხეობას მიუყვება. ღვანანა მდინარე ძამის მარჯვენა შენაკადია.

გზის რეაბილიტაცია რეგფონდის თანხებით 2021 წელს დასრულდა და მასზე ჯამში 2.8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს ორი კომპანია ასრულებდა — „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ და „შარა“.

ქარელის მერის მოადგილე ნათია მაწონაძე ,,ქართლის ამბებთან" საუბარში აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული საკითხი ცნობილია.
,,მშენებელი ორგანიზაციის მხრიდან საგარანტიო ვადის ფარგლებში ორჯერ განხორციელდა დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, თუმცა დეფორმაციის განმეორებითმა შემთხვევამ აჩვენა, რომ პრობლემა სამშენებლო კომპანიის მიზეზით არ არის გამოწვეული. მუნიციპალიტეტი ამ ეტაპზე იკვლევს საკითხს და ადგენს ხარვეზის გამომწვევ მიზეზებს." - გვითხრა მერის მოადგილემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები