ხაშურის უფასო სასადილოს ხელმძღვანელი ზაზა მეხრიშვილი აცხადებს, რომ
მილსადენის მილების ქურდობის ფაქტზე გამოძიება 2 წლის წინაა
დაწყებული. ლევან გამრეკელი და კიდევ ორი პირი კი გუშინ დააკავეს.
ლევან გამრეკელი ჯართის ბიზნესით იყო დაკავებული. იგი აფინანსენდა
ხანდაზმულთა სასადილოს ხაშურში. ზაზა მეხრიშვილის განცხადებით
ირკვევა, რომ ჯართის შეგროვებისას მილსადენის მილები იქნა
ამოღებული.
,,ისე ცნობისთვის ეგ საქმე 2 წლის წინ აღიძრა, ნაღიარებიც აქვს
ერთერთს... შეცდომა მოხდა მილის ამოღებასთან დაკავშირებით. ყველა
ველოდებოდით, რომ მკაცრი არ იქნებოდა კანონი მათ მიმართ. "
,,იმედს გამოვთქვავ, ყველაფერი გაირკვევა და ლევანს გამოუშვებენ.
ასეთი ადამიანის ციხეში ჯდომით არავის არაფერი შეემატება. ლევანს
კიდევ ბევრ კარგი საქმეები აქვს საკეთებელი, პროკურატურა და კანონი
ლოიარული იქნება ალბათ მის მიმართ."
,,დღემდე აფინანსებდა უფასო სასადილოს. ახლა რა ეშველება ამ მოხუცებს,
მართლა არ ვიცი. მარტო მე ვერანაირად ვერ გავწვდები სასადილოს."- წერს
ზაზა მეხრიშვილი, რომელიც ლევან გამრეკელის დაფინანსებულ სასადილოს
ხელმძღვანელობს.
,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი ლევან გამრეკელი ოსიაურის თემში
საკრებულოს წევრად 2021 წელს აირჩიეს. გახდა საკრებულოს
ვიცე-თავმჯდომარე. 2025 წლის 10 ნოემბერს პროკურატურამ 5 მლნ ლარის
ღირებულების მილსადენების ქურდობის ფაქტზე დააკავა. პროკურატურის
მტკიცებით, მილების ქურდობის ფაქტები 2020-2023 წწ-ში დაფიქსირდა.
,,ქართლის ამბები" წერდა, რომ 2023 წელს გამრეკელის წლიურმა
შემოსავალმა 3.7 მლნ ლარს მიაღწია. დაკავშირებული იყო როგორც ჯართის
ბიზნესთან, ასევე ქვიშა-ხრეშის საწარმოებთან. საკრებულოს წევრამდე კი,
მაგალითად, 2018 წელს, მისი კომპანიები ხაშურის მერიის ტენდერებში
იმარჯვებდნენ. ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი იყო, მაგალითად, ალისა და
ნაბახტევის ხიდბოგირების მიტოვებული სამუშაოები, რა დროსაც ხიდის
მოაჯირებიც კი დაიკარგა.
ლევან გამრეკელს დაუპირისპირდა ეპისკოპოსი სვიმეონი, რომელიც
აცხადებდა, რომ გამრეკელს ქველმოქმედება პიარისთვის სჭირდებოდა. ზაზა
მეხრიშვილმა განმარტა, რომ მეუფე სვიმეონს გამრეკელმა ძვირადღირებული
მანქანა არ უყიდა, ასევე არ დაუთმო მიწის ნაკვეთი.
სტატიის გამოყენების პირობები