ახალი ამბები
კასპის სოფელ ქვ. ჭალაში ,,აღმოსავლური სოფლის" მშენებლობა გენ. გეგმის დამტკიცებამდეა შეჩერებული
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ე.წ. „აღმოსავლური სოფლის“ პროექტის მშენებლობა კასპის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე შეჩერებულია. ამის შესახებ მერიამ წერილობით აცნობა იმ კომპანიას, რომელიც 2022 წლიდან მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვას ითხოვს.

საინვესტიციო კომპანიამ ნებართვის მისაღებად სასამართლოს მიმართა. დავა 2024 წელს დასრულდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კასპის მერიას უფლება აქვს, გენგეგმის დამტკიცებამდე მშენებლობის ნებართვის გაცემაზე საერთოდ არ იმსჯელოს.

2024 წელს „ქართლის ამბებმა“ ორჯერ მიმართა კასპის მერიას წერილობით, რათა გამოევლინა, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა გენგეგმაზე. ორივე მიმართვაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ცნობისათვის: ინვესტორები ქვემო ჭალის სიახლოვეს, დაახლოებით 11 ჰექტარზე 130-სახლიანი თანამედროვე სოფლის აშენებას გეგმავდნენ. ორსართულიანი სახლები თანამედროვე სტანდარტების საყოფაცხოვრებო სათავსოებით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი. კომპანიის 60%-ზე მეტი უცხოელი — საუდის არაბეთის მოქალაქეების საკუთრებაშია.

როდის დამტკიცდება კასპის გენგეგმა, უცნობია
Print

სტატიის გამოყენების პირობები