პედაგოგმა ნანა ტერმაკოზაშვილმა გორის მე-9 საჯარო სკოლა დატოვა.
მიზეზი გახდა სკოლის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის
მიხედვითაც მას „სასტიკი საყვედური“ გამოუცხადეს.
როგორც „ქართლის ამბებმა“ გაარკვია, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც
პედაგოგმა მოსწავლეს ტელეფონი ჩამოართვა. მშობელმა სკოლის
ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პედაგოგმა
მოსწავლეს შეურაცხყოფა მიაყენა. საჩივრის განხილვის დეტალები ამ
დროისთვის უცნობია.
ნანა ტერმაკოზაშვილი კომიტეტის გადაწყვეტილებას შეურაცხმყოფელად
მიიჩნევს. მისი თქმით, ამბავს კარგად დაგეგმილი ხასიათი აქვს.
პედაგოგი სკოლაში სამუშაოდ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მივიდა და
ამ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ აქციებსა და
ღონისძიებებში, რაც, მისი შეფასებით, შესაძლოა პრობლემების მიზეზადაც
ქცეულიყო.
სკოლიდან წამოსვლის შესახებ ნანა ტერმაკოზაშვილმა განცხადება დღეს
სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
ძალიან ვეცდები, მოკლედ დავწერო... წამოვედი სკოლიდან. განცხადება მე
თვითონ დავწერე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თხოვნით. არასოდეს არ
ვჩერდები იქ, სადაც თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობ, მით უფრო, როდესაც
ეს შეურაცხყოფა კარგად დაგეგმილია.
" მოსწავლეების მიმართ არაერთგზის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის
გამო " ( არ მოგესმათ) სასტიკი საყვედურის შესახებ ბრძანებას
საფუძვლად უდევს დისციპლინური კომიტეტის ოქმი.
თავად ოქმიც და ბრძანებაც ნიმუშად გამოდგება, როგორი არ შეიძლება იყოს
ოფიციალური დოკუმენტაცია.
გრამატიკული თვალსაზრისით, აბიტურიენტებთან გამომადგება რედაქტირების
სასწავლებლად. არ ვასაჩივრებ. არა იმიტომ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს.
ბრძოლას აზრი აქვს ყოველთვის და ბოლომდე.
მაგრამ ბრძოლა საჭიროა რეჟიმთან, რომლის პირობებშიც სამართლის პოვნის
იმედი დაგვიკარგეს ადამიანებს.
რომელიც მოითხოვს უსიტყვო და უპირობო მორჩილებას.
რომელიც მოითხოვს ღირსების შემლახავ დუმილს მაშინაც კი, როცა ზუსტად
იცი, რომ დუმილი ოქრო არ არის. რომელიც ნორმად ამკვიდრებს მატერიალური
კეთილდღეობის სანაცვლოდ მორალურ ღირებულებებზე უარის თქმას.
დიახ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემ მიერ საჯაროდ გაცხადებული პოზიცია
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, გახდა დისციპლინური
საქმისწარმოების ჯერ დაწყებისა და მერე "სახელოვნად დაგვირგვინების"
რეალური საფუძველი. აქვე: დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებს და მათ
მშობლებს უწყვეტი ზარებისა და მესიჯებისთვის'' - წერს ნანა
ტერმაკოზაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები