ახალი ამბები
ჭირის ეპიდემია ძაღლებში - ქალაქი გორი
გორში, წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მიუსაფარ ცხოველებში ჭირი გავრცელდა. მოქალაქეებს ეპიდემიასთან გამკლავება საკუთარი ძალებით უწევთ.

ერთ-ერთი დაავადებული ძაღლი, რომელიც ოჯახს მიკედლებული ჰყავს, მათ გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში სამკურნალოდ მიიყვანეს, თუმცა დახმარებაზე უარი მიიღეს.

სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მოქალაქეს განუცხადა, რომ მკურნალობა და ვაქცინაცია არ ხორციელდება, თუმცა ცხოველის ,,დაძინება'' შეუძლიათ. სააგენტოს ვეტექიმმა კი განუმარტა, რომ დაავადების დასადგენად ტესტირებაც კი არ ტარდება.

„ეს ძაღლი პატარა იყო, როცა ჩემმა შვილმა იპოვა, მანქანის ქვეშ ეგდო. გადაარჩინა, გაზარდა, გიჟდება, ისე უყვარს. ახლა სხვა ძაღლებისგან გადაედო ჭირი. წავიყვანეთ სააგენტოში, დირექტორის მოადგილე დაგვხვდა, რომელსაც ალბათ ცხოველები ნაკლებად უყვარს – ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. არ ვმკურნალობთო, არც აცრები გვაქვსო. შეგვიძლია, დავაძინოთო. რა გამოდის? რატომ ვინახავთ სააგენტოს? კასტრაციაზე რომ მიყავთ ძაღლები, რატომ არ უტარებენ კვლევას? ქალაქში ჭირი მოდებულია,“ – ამბობს მოქალაქე „ქართლის ამბებთან“.

გორის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში კი ამბობენ, რომ ჭირზე, ენტეროვირუსზე და მწვავე დემოდეკოზზე მკურნალობა ბიუჯეტით არ ფინანსდება.

„ასეთ შემთხვევებში სოციალურ ქსელში ვაქვეყნებთ განცხადებას, რომ დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეებმა თავიანთი სურვილით უმკურნალონ,“ – განაცხადეს სააგენტოში.

მოქალაქეებს აინტერესებთ, თუ რაში იხარჯება სააგენტოს თანხები? ,,ქართლის ამბებმა'' მოიძია გასული წლის ანგარიში, სადაც ვკითხულობთ, რომ სააგენტოს 2024 წლის ბიუჯეტი შეადგენს 1 244 533 ლარს.

სააგენტოში 52 ადამიანი მუშაობს, აქედან 11 არის შტატით მომუშავე
ხოლო დანარჩენი 41 არის შტატგარეშე თანამშრომელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები