ახალი ამბები
მერი ახალი მოადგილისთვის l კლასის მანქანის გამოყოფას ითხოვს - გორის საკრებულო თანახმაა
გორის მერს საკრებულომ მისცა უფლება ჰყავდეს სამი მოადგილე, თუმცა უმაღლესი კლასის ავტომობილის გამოყენების უფლება თავდაპირველად მხოლოდ ორ მათგანს ჰქონდა.

ამიტომ მერიამ საკრებულოს ახალი თხოვნით მიმართა. დამატებით მოთხოვნაზეც საკრებულომ თანხმობა განაცხადა. საკრებულომ, სადაც უმრავლესობა ,,ქართული ოცნების'' წევრები არიან, სამივე მოადგილეს უმაღლესი კლასის ავტომობილით სარგებლობის უფლება მისცა.

მოთხოვნის ავტორი, შესყიდვების სამსახურის უფროსი, წერილობით განმარტავს, რომ ხარჯების გაზრდა დამოკიდებულია ავტომობილის ტიპზე, საწვავის ლიმიტსა და გამოყენებაზე. საჭიროა თუ არა ახალი მანქანის შეძენა, ამ ეტაპზე უცნობია.

საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე აღნიშნავს, რომ სამი მოადგილის უფლება მერიას 2017 წელს ჩამოერთვა. ბოლო წლებში სამუშაო დატვირთვის ზრდის გამო, მესამე მოადგილის საჭიროება კვლავ დადგა დღის წესრიგში.

მერის მოადგილის ხელფასი არის 5 125 ლარი, ხოლო საწვავის ლიმიტი — თვეში 400 ლიტრი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები