ახალი ამბები
დირბის საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმის ტარება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის უკვე სავალდებულოა
დღეს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის (I-VI კლასები) სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება.

სასკოლო ფორმების ტარება უკვე თვეებია სავალდებულოა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლაში.

ჯერ კიდევ 2025 წლის 31 მაისს სკოლაში გაიმართა კრება, რომლის შესახებ სკოლის ფეისბუქისგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

,,განხილულ იქნა საკითხი დაწყებით საფეხურზე სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმის ტარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას წინ უსწრებდა მშობელთა და პედაგოგიური კოლექტივის ელექტრონული ფორმით გამოკითხვა. ''

შეხვედრაზე შევთანხმდით: სკოლის 1-6 კლასის მოსწავლეები სასწავლო პროცესის დროს სკოლაში გამოცხადდებიან სასკოლო ფორმით ( მუქი ლურჯი შარვალით/კაბითა და ცისფერი პერანგით) - ვკითხულობთ სკოლის ფეისბუქის გვერდზე.

ამავე კრებაზე გადაწყდა მობილური ტელეფონების აკრძალვის საკითხიც, რომელზეც დღეს მინისტრმაც ისაუბრა:

,,პედაგოგიურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საგაკვეთილო პროცესის დროს ყველა მოსწავლე ვალდებულია ტელეფონი მოათავსოს სპეციალურად განკუთვნილ ყუთში, საკითხს დაარეგულირებს დამრიგებელი და საგნის პედაგოგი.'' - ვკითხულობთ 31 მაისის განცხადებაში.

რაც შეეხება შედარებით მაღალი კლასის, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, მათთვის შინაგანაწესით განისაზღვრა "მოსწავლისთვის შესაფერისი ჩაცმულობა (სკოლაში გამოცხადება აკრძალულია გრძელი ფრჩხილით, ვულგარული ჩაცმულობით, მაკიაჟით), გაკვეთილის მსვლელობისას გოგონა ვალდებულია შეკრული ჰქონდეს თმა." - ვკითხულობთ 31 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები