უზენაესი სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხდევით,
პირი, რომელიც ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით იყო
დაკავებული, აღნიშნულ მუხლში გამართლდა.
სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი გარემოებები არ
მიუთითებდა თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე და ქმედება უფრო
ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენდა. შედეგად ბრალდებულს 3-წლიანი
პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის ათვლა დაკავებიდან, 2023 წლიდან
დაიწყო.
საქმე 2021 წელს მომხდარ ფაქტს ეხება.
გამოძიების მიხედვით, მამაკაცი 2023 წელს დააკავეს ადევნების,
შანტაჟის, ფულის გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და პირის
სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების ბრალდებით.
საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ დაზარალებული გორის ერთ-ერთ
სასტუმროში ჰყავდათ მიყვანილი, სადაც დაახლოებით ორი დღის
განმავლობაში იმყოფებოდა. დაზარალებული ჩვენებაში უთითებს, რომ
სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან პოლიციის შენობაც კი ჩანდა.
დაზარალებული ქალია, რომელსაც ბიზნესი ჰქონდა. მის ინტერესებს გორის
პროკურატურის პროკურორი ია მეფარიშვილი იცავდა. პროკურორის ცნობით,
2021 წლის 22 სექტემბერს, ბრალდებულმა თბილისში ბიზნესმენ ქალს
უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. კერძოდ, მობილური ტელეფონი გაათიშინა
და აიძულა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაჰყოლოდა. გატაცებამდე,
ბრალდების მიხედვით, ქალის მიმართ ზეწოლა ხორციელდება თითქმის 2 წლის
განმავლობაში. ზეწოლა გამოიხატებოდა შანტაჟსა და ოჯახის წევრების
განადგურების მუქარაში.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებული ქალს მანქანაში ჩაუჯდა, იარაღი
აჩვენა და დაემუქრა, რომ მას გზა გააგრძელებინა. დაზარალებულის თქმით,
მას ემუქრებოდა შვილების სიცოცხლით.
დაზარალებული აღწერს, რომ ერთ მომენტში მანქანა გააჩერა, გადავიდა და
ბრალდებულს დაუჩოქა, სთხოვდა გაეშვა ან მოეკლა, რადგან მძიმე
მდგომარეობაში იყო.
მისივე თქმით, ბრალდებულს უთხრა, რომ მისი მიზანი არ იყო მოკვლა,
არამედ მისი გატაცებით მისი ოჯახიდან ფულის მიღება სურდათ.
ბრალდების თანახმად, ბრალდებულმა დაზარალებული მიიყვანა გორში მდებარე
სასტუმრო "ლ…"-ში. პროკურატურის ვერსიით, იქ დაზარალებული ორი დღის
განმავლობაში ფაქტობრივად თავისუფლებაშეზღუდული მდგომარეობაში
იმყოფებოდა. ბრალდების მიხედვით, მას არ აძლევდნენ სასტუმროს
დატოვებისა და სახლში დაბრუნების საშუალებას.
უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყეტილებაში აღნიშნულია,
რომ ბრალდებულმა ქალი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მისგან
მიიღო პირობა, რომ ჩუმად იქნებოდა და მომხდარზე არავის მოუყვებოდა.
ამის შემდეგ იგი თბილისში დააბრუნა.
სასამართლომ დაადგინა, რომ რადგანაც დაზარალებული თავად მართავდა
ავტომობილს, ასევე მას ტელეფონი ჰქონდა და შეეძლო ტელეფონით საუბარი,
სასტუმროს ნომრის კარი შიგნიდანაც იღებოდა გასაღების გარეშე; ამ
გარემოებების გამო სასამართლომ დაასკვნა, რომ დაზარალებულის
გადაადგილების თავისუფლება ობიექტურად შეზღუდული არ ყოფილა.
სასამართლოს განმარტებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის
აუცილებელია, რომ პირს ფაქტობრივად არ შეეძლოს გადაადგილება, ხოლო ამ
საქმეში მტკიცებულებები მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე მიუთითებდა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ისიც ირკვევა, რომ ბრალდებული,
ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა, გამართლდა სხვა ყველა ბრალდებაში
მტკიცებულებების არარსებობის გამო. დაზარალებული სასამართლო სხდომაზე
განმარტავდა, რომ მტკიცებულებები შენახული ჰქონდა ტელეფონში, რომელიც
შს სამინისტროში წარდგენის შემდეგ გაასუფთავეს.
სტატიის გამოყენების პირობები