ახალი ამბები
სახელმწიფო აუდიტის ცნობით, კასპში ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხოდ შესრულდა
სახელმწიფო აუდიტმა 2026 წლის 6 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნდა.

პირველივე თავში, რომელიც ინსფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება, წერია, რომ სახელმწიფო აუდიტის ექსპერტებს ობიექტების დიდი ნაწილი დაზიანებული დახვდა.

საქმე ეხება 2022-23 წლებში შესრულებულ სამუშაოებს.

აუდიტის ცნობით, მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტები დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე ჩაიბარა, თუმცა აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ რიგი ობიექტები უკვე დაზიანებულია.

აუდიტის ინფორმაციით, დაზიანებები გამოვლინდა 16 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა საერთო ღირებულება 4,4 მლნ ლარია. მათ შორის დაზიანებულია გზები, საბავშვო ბაღი, სპორტული დარბაზი და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 2022 წელს სოფელ აღაიანის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია შეისყიდა, რომლის ღირებულებაც 1,844.2 ათასი ლარი იყო. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გზის ნაწილი უკვე დაზიანებულია.

აუდიტის შეფასებით, დაზიანებები ძირითადად სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევით შესრულებული სამუშაოების შედეგია. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს დაზიანების გამომწვევი მიზეზები არ დაუდგენია და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.

შედეგად, მერიამ ჩაიბარა დაახლოებით 6,333.1 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს.

აუდიტი მუნიციპალიტეტს ურჩევს, შეიმუშაოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების მკაფიო წესები და გააძლიეროს კონტროლის მექანიზმები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები