კომპანია „კანიონი“ კასპში, ,,შიმშილას" ტერიტორიაზე, მტკვართან ახლოს
ასფალტის ქარხნის აშენებას ითხოვს.
კომპანიის დირექტორი, დავით ჩაგელიშვილი ანგარიშში წერს, რომ
ქარხანაში 5 ადამიანი დასაქმდება.
,,თუ პროექტი არ განხორციელდა — ეს 5 ადამიანი სამსახურს ვერ
მიიღებს." - აღნიშნულია მის წერილში.
კომპანია გეგმავს, რომ უშუალოდ ჩაერთოს ადგილობრივი გზების
კეთილმოწყობაში. მისი განცხადებით, თუ გარემოზე მიყენებული ზიანის
მიზეზით ქარხნის მოწყობის ნებართვას არ მისცემენ, მაშინ გარემოს სხვა
ფაქტორები მიაყენებს ზიანს, კერძოდ:
,,ერთი მხრივ — არ იქნება დაბინძურება (ჰაერი, ხმაური და სხვა
ზემოქმედება), მაგრამ მეორე მხრივ — ასფალტი მაინც საჭიროა და მისი
ჩამოტანა სხვა ქალაქიდან მოუწევთ, რაც ნიშნავს: უფრო მეტი სატვირთო
მანქანა იმოძრავებს კასპის გზებზე, მეტი გამონაბოლქვი (ჰაერის
დაბინძურება) იქნება. გამოიწვევს მეტ ხმაურს. გაიზრდება ავარიების
რისკი და გაიზრდება ხარჯები". - განმარტავს ჩაგელიშვილი.
დავით ჩაგელიშვილი ,,ქართული ოცნების" შემომწირველია, 2024 წელს 30
000 ლარი აქვს შეწირული.
კომპანია ,,კანიონის" 100%-იან წილს ფლობს შპს ,,ჩაგელა", რომლის
მფლობელი ლევან ჩაგელიშვილია. მასაც 20 000 ლარი აქვს შეწირული
,,ქართული ოცნებისთვის". ლევანი და დავითი ერთ მისამართზე
ცხოვრობენ.
შპს ,,ჩაგელა" მონაწილეობს კასპის მერიის საგზაო ტენდერებში. ერთ-ერთი
ბოლო გახმაურებული ამბავი სოფელ გომის გზის ტენდერს უკავშირდება.
კასპის მერიამ ,,ჩაგელა" გამარჯვებულად გამოაცხადა, მაგრამ შედეგები
,,ელიტ ბილდერს გრუპმა" გაასაჩივრა. საჩივრის განხილვის დროს
შესყიდვების სააგენტომ მიიჩნია, რომ კასპის მერიამ ხელი შეუწყო
ტენდერში ,,ჩაგელას" გამარჯვებას, კერძოდ დააზუსტებინა დოკუმენტაცია
კანონის დარღვევით. ,,ჩაგელა" ირწმუნებოდა, რომ ასეთი პრაქტიკა
დამკვიდრებული იყო და ახალი არაფერი გაუკეთებია.
თუ ,,კანიონს" ქარხნის აშენების უფლებას მისცემენ, მის მასალას
,,ჩაგელა" გამოიყენებს.
სტატიის გამოყენების პირობები