სახელმწიფო აუდიტის ცნობით, 2015 წელს კასპის მუნიციპალიტეტმა
აღნაგობის ფორმით, სოფელ ქვემო ხანდაკის და კავთისხევის სიახლოვეს, 59
წლის ვადით, იჯარით გასცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამი
მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 22 428 კვ.მ.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2015 წლიდან ქონებით მოსარგებლეა
„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“. წლიური ქირა 6 000 ლარით განისაზღვრა, რაც
თვეში 500 ლარს შეადგენს.
აუდიტმა ასევე დაადგინა, რომ კომპანიას ხელშეკრულების მოქმედების
მთელი პერიოდის განმავლობაში ქონებით სარგებლობის საფასური საერთოდ არ
გადაუხდია. შედეგად, დაგროვდა 50 000 ლარის დავალიანება და 17 500
ლარის საურავი.
,,მიუხედავად იმისა, რომ მერიას ჰქონდა უფლება გადაეხედა საიჯარო
პირობებისთვის და ქირა საბაზრო ფასებთან დაეახლოვებინა, ეს საკითხი არ
განხილულა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლის
მიღების შესაძლებლობა.'' - წერია დასკვნაში.
მერიამ რეაგირება მხოლოდ აუდიტის ჩართვის შემდეგ დაიწყო. 2024 წლის
აპრილში კომპანიას წერილობით მიმართა დავალიანების დაფარვის
მოთხოვნით, რის შემდეგაც კომპანიამ სრულად გადაიხადა დავალიანება და
ჯამში ბიუჯეტში 73 000 ლარი ჩარიცხა.
სტატიის გამოყენების პირობები