ახალი ამბები
გორში ვოლოგდის დასახლებაში მერიამ მინისტადიონის ტერიტორია გაყიდა
გორში, ვოლოგდის დასახლებაში მერიამ მინისტადიონის ტერიტორია გაყიდა. ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ქართლის ამბებმა“ გაარკვია, ტერიტორიის მფლობელია კომპანია „ელიტ სერვისი“, რომელიც ბიზნესმენ სლავა შერაზადიშვილთან არის დაკავშირებული.

ვასიკო შერაზადიშვილი დირექტორად 2023 წელს დაინიშნა. იგი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მაშინ გახდა, როდესაც 33% პროცენტი მას სლავა შერაზადაშვილმა გადაუფორმა. სლავა შერაზადაშვილი ,,საბა კონსტრაქშენის" დამფუძნებელია, ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფინანსებელი და სახელმწიფო ტენდერების მსხვილი კონტრაქტორი, რომლის ღირებულება, ღია წყაროებით, ასეულობით მილიონ ლარს აღემატება.

საჯარო რეესტრის მიხედვით, სტადიონის პრივატიზაცია გორის მერიამ 2020 წლის ივლისში მოახდინა. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში აღნიშნულია, რომ დაახლოებით 641 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 30 000 ლარით განისაზღვრა. ამავე ნუსხაში მითითებული იყო, რომ მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან უახლოეს 6 თვეში ტერიტორიაზე ახალი მინისტადიონი უნდა აეშენებინა.

უცნობია, რატომ გადაწყვიტა მერიამ მიწის გასხვისება იმ პირობით, რომ მინისტადიონის მოწყობა კერძო პირს დაევალებოდა.

2020 წელს ტერიტორიის მფლობელი გახდა კომპანია „ახალი სერვისი“, რომლის მფლობელი კობა რეხვიაშვილი იყო. კომპანია რაჭაში იყო დაფუძნებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მომდევნო წლების განმავლობაში ტერიტორიაზე ის სამუშაოები, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, არ განხორციელებულა.

ამასთან, უცნობია, მიიღო თუ არა გორის მერიამ რაიმე ზომები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო.

საბოლოოდ, 2024 წელს მიწის ნაკვეთი კომპანია „ელიტ სერვისის“ საკუთრებაში გადავიდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყო.

როგორ დაიწყო მწვანე ზოლის გაჩეხვა

გორში, მწვანე ზოლის გაჩეხვა 2013 წელის დაიწყო. ვოლოგდის დასახლებაში მწვანე ზოლის გაჩეხვის პროცესი 2013 წელს დაიწყო. იმ პერიოდში, როცა ადგილობრივი ხელისუფლების გამწვანების სამსახურმა ხეების ჭრა დაიწყო, მოსახლეობა პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა.

ადგილობრივი გამგეობა მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ტერიტორიის ნაწილი შენარჩუნდებოდა და რამდენიმე ხე არ მოიჭრებოდა. ასევე აცხადებდნენ, რომ პროფილაქტიკისა და რესტორნის აშენების შემდეგ, თავისუფალ სივრცეებში ახალი ნარგავები დაირგვებოდა.






2016 წელს კომპანია „ელიტ სერვისმა“ გორის მუნიციპალიტეტს ახალი თხოვნით მიმართა. კომპანია ითხოვდა იმ ხეების გაჩეხვის უფლებასაც, რომლის შენარჩუნებაც მოსახლეობამ ჯერ კიდევ 2013 წლის პროტესტის შედეგად შეძლო. საბოლოოდ, მას აღნიშნული ხეების გაჩეხვის უფლებაც მიეცა.

ამავე პერიოდში გაირკვა, რომ პეტრე დიმიტრიადის კომპანიას სააღნაგე ფართობი მნიშვნელოვნად გაეზარდა — დაახლოებით 400 კვ.მ-დან 1350 კვ.მ-მდე. თავდაპირველად, მშენებლობა 2016 წლის 1 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადები დღემდე გრძელდება. ტერიტორია 49-წლიანი იჯარით არის გადაცემული. სტადიონის ტერიტორია კი პრივატიზებულია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები