სახელმწიფომ ხაშურში მოქალაქეს არ დაუბრუნა ის მიწის
ნაკვეთი, რომელიც წინაპარს, 1921 წელს, ბოლშევიკებმა
ჩამოართვეს.
საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლოს განმარტებით,
ამჟამინდელი კონსტიტუცია ავტომატურად ვერ აღადგენს იმ კერძო
საკუთრების უფლებას, რომელიც 1921 წელს, საბჭოთა ნაციონალიზაციის
შედეგად გაუქმდა.
როგორც ,,ქართლის ამბებმა'' გაარკვია, საქმე დაახლოებით 8
091 კვ.მ მიწის ნაკვეთს ეხება. ეს მიწის ნაკვეთი მოქალაქის წინაპარს
შეძენილი ჰქონდა 1911 წელს. ოკუპაციის შემდეგ კი, 1921 წლის
რევოლუციური კომიტეტის დეკრეტით, მიწები მაშინდელი სახელმწიფოს
საკუთრებად გამოცხადდა.
მოქალაქე სასამართლოში ამტკიცებს, რომ საბჭოთა პერიოდის
კანონები უსამართლო იყო, ხოლო დღევანდელი კონსტიტუციის პირობებში
საკუთრების უფლება აღდგენილი უნდა ყოფილიყო.
სასამართლოს შეფასებით, 1921 წლის დეკრეტმა ძველი კერძო
საკუთრება სამართლებრივად გააუქმა. სადავო ქონება მიწების საყოველთაო
ნაციონალიზაციის შედეგად, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. შემდეგ
სახელმწიფოს აღარ დაუბრუნებია ეს მიწა ოჯახის
საკუთრებაში.
სასამართლოს განმარტავს, რომ მხოლოდ ისტორიული ჩანაწერის
არსებობა საკუთრების უფლების აღსადგენად საკმარისი არ არის.
აუცილებელია არსებობდეს საკუთრების უწყვეტი სამართლებრივი
საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დავა უნდა შეფასდეს იმ
სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებითაც, რომელიც კონკრეტულ
ისტორიულ პერიოდში მოქმედებდა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო მიწა
სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩა, ხოლო რეპრესირებული ოჯახის
შთამომავლის მოთხოვნა, მიწის რეგისტრაციის შესახებ, საბოლოოდ არ
დაკმაყოფილდა.
სტატიის გამოყენების პირობები